ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო ცვლილებების მიზანია დემოკრატიული განვითარების კონსტიტუციური გარანტიების შექმნა

„საკონსტიტუციო ცვლილებები არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომელიც ამჟამად საქართველოს პარლამენტის ინიციატივით ხორციელდება და მისი მთავარი მიზანია, საქართველოში დემოკრატიული განვითარების პროცესის გაგრძელების უზრუნველყოფა და შესაბამისი კონსტიტუციური გარანტიების შექმნა” ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებაზე – „ამბასადორიალი 2017 – შედეგზე ორიენტირებული დიპლომატია ტურბულენტურ გარემოში” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ „ამბასადორიალი 2017″ – ის პანელში – „დემოკრატიული განვითარება” მიიღო მონაწილეობა და საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარეობის პროცესის, ასევე, დოკუმენტის შინაარსის შესახებ ისაუბრა.
ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს სრულფასოვანი ინფორმაცია ჰქონდეთ.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კომისია ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე შეიქმნა და მისი 73 წევრიდან, მუშაობაში მონაწილეობა მხოლოდ სამმა წევრმა – პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა არ მიიღეს.
„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა არმონაწილეობა კომისიის მუშაობაში აბსოლუტურად დაუსაბუთებელი იყო. მიზეზი ის იყო, რომ არ დავეთანხმეთ პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ ფორმატს, რომლის მიხედვითაც, კომისიას სამი თანახელმძღვანელი უნდა ჰყოლოდა. ეს, რეალურად, საპრეზიდენტო ფორმატის შემოთავაზებას ნიშნავდა. ამის სანაცვლოდ, საზოგადოებას შევთავაზეთ საპარლამენტო ფორმატი და ამას ჰქონდა ძალიან მყარი საფუძველი, რომელიც პირველ რიგში, კონსტიტუციაში მდგომარეობდა. ერთადერთი ორგანო, რომლის წიაღიდანაც შეიძლება მოხდეს საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება, არის საქართველოს პარლამენტი. აქედან გამომდინარე, საპარლამენტო ფორმატს ალტერნატივა არ ჰქონდა”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ოთხი თვე საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადებისთვის ოპტიმალური პერიოდი იყო, რაც დადასტურდა კიდეც. მისივე განცხადებით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში ყველა საკითხი სათანადოდ იქნა განხილული.
საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების მიზეზზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მოქმედი კონსტიტუციის შეცვლის საჭიროება დადასტურებულია ვენეციის კომისიის 2010 წლის დასკვნაშიც.
„ვენეციის კომისიამ 2010 წელს განაცხადა, რომ დღეს მოქმედი დოკუმენტი უხეშად ეწინააღმდეგება კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და განსაკუთრებით, ხელისუფლების დანაწილების პრინციპს. იქ, სადაც დარღვეულია ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, ბუნებრივია, წარმოიშობა სერიოზული საფრთხეები. დღეს, პრაქტიკაში არ წარმოიშობა ეს საფრთხეები, კონკრეტული ინდივიდებიდან გამომდინარე, როდესაც მათ არ აქვთ ნეგატიური პოლიტიკური მიდრეკილებები, თუმცა, სხვა ინდივიდების პირობებში, ასეთი საფრთხეები შეიძლება წარმოიშვას და ჩვენ ბუნებრივია, ვერც ხუთწლიან და ვერც ათწლიან პერსპექტივაში ვერ განვიხილავთ კონსტიტუციას. კონსტიტუცია არის ის დოკუმენტი, რომელიც, შეიძლება, ათწლეულების განმავლობაში უცვლელად მოქმედებდეს”,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას საქართველოს პარლამენტმა ორი ფუნდამენტური ამოცანა დაუსახა: კონსტიტუციის სამართლებრივ პრინციპებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და დაუხვეწავი საპარლამენტო მმართველობის სიტემის გარდაქმნა დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემად.
„პირველ რიგში, ჩვენი ფუნდამენტური ამოცანა იყო კონსტიტუციის სამართლებრივ პრინციპებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. რაც შეეხება, მეორე ამოცანას-დღეს საქართველოში მოქმედებს ძალიან დაუხვეწავი საპარლამენტო მმართველობის სისტემა. არ არის დაცული ხელისუფლების დანაწილების პრინციპი. მაგალითად, საქართველოს პარლამენტი არის ძალიან სუსტად წარმოდგენილი ამ სისტემაში და გარდა ამისა, ძალიან ბუნდოვნად არის გამიჯნული კომპეტენციები ძირითად კონსტიტუციურ ორგანოებს შორის, განსაკუთრებით, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას შორის. ამ ბუნდოვანებას სჭირდება გასწორება და ხელისუფლების დანაწილების პრინციპს ესაჭიროება დაცვა. საჭიროა დღევანდელი დაუხვეწავი საპარლამენტო მმართველობის სისტემის გარდაქმნა დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემად. ეს იყო მეორე ფუნდამენტური ამოცანა, რომელიც დასახული იყო კომისიის წინაშე და სწორედ ამ ორი ფუნდამენტური ამოცანის შესაბამისად იმოქმედა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პროცესი მაქსიმალურად ინკლუზიური იყო და” იმ ინიციატივების 80 % რომელიც საბოლოო ჯამში აისახა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში, მოდიოდა სწორედ ოპოზიციური პარტიების, ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან.”
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებში არ არის არცერთი ნორმა, რომლის მიხედვითაც, მმართველ პარტიას უპირატესობა ენიჭება.
„ვერავინ ვერ დაასახელებს ვერცერთ ნორმას საკონსტიტუციო ცვლილებებში, რომლითაც მმართველი პარტია იქმნის უპირატესობას მოქმედ კონსტიტუციასთან შედარებით”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრეებს საკონსტიტუციო ცვლილებების შინაარსი და ძირითადი არგუმენტები დეტალურად გააცნო.
პანელურ დისკუსიაში, რომელსაც მოდერირებას ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე უწევდა, ირაკლი კობახიძესთან ერთად, მონაწილეობა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მიიღო.
მონაწილეებმა მე-9 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი განიხილეს. საუბარი, ასევე, შეეხო სასამართლო რეფორმას, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს, „ღია მმართველობის პარტნიორობის” ( OGP) საქართველოს თავმჯდომარეობას და პრიორიტეტებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები