“სემეკ-ის მიერ სამომხმარებლო გაზზე დღეს დადგენილი ტარიფები 2018 წლის ბოლომდე იმოქმედებს”

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ვალიშვილის განცხადებით, სემეკ-ის მიერ სამომხმარებლო გაზზე დღეს დადგენილი ტარიფები 2018 წლის ბოლომდე იმოქმედებს.
“ტარიფები 20 ივლისიდან ამოქმედდება და 2018 წლის ბოლომდე იმოქმედებს. ზოგადად, ტარიფის მეთოდოლოგია გულისხმობს ხარჯების კონფიგურაციის ან კურსის ცვლილების შემთხვევაში, ტარიფების გადახედვას. თუმცა, ამის მოლოდინი არ გვაქვს, რადგან რეგულაციის პერიოდი, რომელიც 2018 წლის ბოლომდე განისაზღვრა ამ დადგენილი ტარიფების პირობებში, ვფიქრობთ, შენარჩუნებული იქნება”, – განაცხადა მარიამ ვალიშვილმა “იმედის” პირდაპირ ეთერში.
თბილისელი მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფი 1 კუბურ მეტრზე თითქმის ნახევარი თეთრით გაიზარდა და 46.153 თეთრი გახდა. ახალი ტარიფი ძალაში 20 ივლისიდან შევა და წლის ბოლომდე იმოქმედებს.
სემეკის ცნობით, უწყების მიერ დადგენილი ტარიფი კუბურ მეტრზე 50,620 თეთრი იყო, მაგრამ რეალური ტარიფი გაზის გამანაწილებელმა კომპანიებმა, გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 5 თეთრით შეამცირეს.
17 ივლისს, სემეკ-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა კომპანიისთვის გაზის ტრანსპორტირების ტარიფი ერთ კუბურ მეტრზე 1,884 თეთრი იქნება.
“საქართველო გაზის ტრანსპორტირების” კომპანიამ, ტარიფის გადახედვის მოთხოვნით, სემეკ-ს 2017 წლის დასაწყისში მიმართა.
სამომხმარებლო ტარიფში გაზის ტრანსპორტირების წილი 1000 კბ.მ-ზე 13,5%–ს შეადგენს. შესაბამისად, შესაძლოა, ამ ცვლილებამ გაზის სამომხმარებლო ტარიფზე მოახდინოს მცირედი გავლენა.
მოსახლეობისთვის ახალი სამომხმარებლო ტარიფის ოდენობა ხვალ გამოცხადდება. ახალი ტარიფი 20 ივლისიდან ამოქმედდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები