“სამომხმარებლო გაზის ტარიფის ნახევარი თეთრით გაზრდა ობიექტური აუცილებლობით იყო გამოწვეული”

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რევაზ არველაძე სამომხმარებლო გაზის ტარიფის ნახევარი თეთრით გაზრდას ლარის კურსის ცვალებადობასა და რეგიონში განხორციელებულ ინვესტიციებს უკავშირებს.
“სამომხმარებლო გაზის ტარიფის ნახევარი თეთრით გაზრდა ობიექტური აუცილებლობით იყო გამოწვეული, რაც ლარის კურსის ცვალებადობასთან არის დაკავშირებული. ასევე, ტარიფის ცვლილება დაკავშირებულია იმ ინვესტიციებთან, რომლებიც რეგიონში განსაკუთრებით დიდი მოცულობით განხორციელდა”,- განუცხადა “იმედს” რევაზ არველაძემ.
თბილისელი მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფი 1 კუბურ მეტრზე თითქმის ნახევარი თეთრით გაიზარდა და 46.153 თეთრი გახდა. ახალი ტარიფი ძალაში 20 ივლისიდან შევა და წლის ბოლომდე იმოქმედებს.
დღეის მდგომარეობით, თბილისში 1 კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი 45.620 თეთრი ღირს. ტარიფი ძალაში იქნება 2017 წლის 20 ივლისიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
სემეკის ცნობით, უწყების მიერ დადგენილი ტარიფი კუბურ მეტრზე 50,620 თეთრი იყო, მაგრამ რეალური ტარიფი, გაზის გამანაწილებელმა კომპანიებმა, გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 5 თეთრით შეამცირეს.
გუშინ სემეკმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა კომპანიისთვის გაზის ტრანსპორტირების ტარიფი ერთ კუბურ მეტრზე 1,884 თეთრი იქნება.
“საქართველო გაზის ტრანსპორტირების” კომპანიამ ტარიფის გადახედვის მოთხოვნით, სემეკს 2017 წლის დასაწყისში მიმართა.
სამომხმარებლო ტარიფში გაზის ტრანსპორტირების წილი 1000 კბ.მ-ზე 13,5%–ს შეადგენს. შესაბამისად, შესაძლოა, ამ ცვლილებამ გაზის სამომხმარებლო ტარიფზე მოახდინოს მცირედი გავლენა.
მოსახლეობისთვის ახალი სამომხმარებლო ტარიფის ოდენობა ხვალ გამოცხადდება. ახალი ტარიფი 20 ივლისიდან ამოქმედდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები