“საქართველო-ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება დამატებით ბიძგს მისცემს ქართულ-უკრაინული საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავებას”

„საქართველო-ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მნიშვნელოვან შესაძლებლობებს სთავაზობს უკრაინელ ინვესტორებს და გვჯერა, რომ იგი დამატებით ბიძგს მისცემს ქართულ-უკრაინული საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავებას. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ბიზნესსექტორთან თანამშრომლობას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საინვესტიციო და ერთობლივი საწარმოების შექმნის კუთხით, ორივე ქვეყანა, საქართველო და უკრაინა მაქსიმალურად გამოიყენებს არსებულ შესაძლებლობებს.
„საქართველო ინვესტორებს სთავაზობს ხელსაყრელ საინვესტიციო კლიმატს, რომელიც კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება საქართველოს მიერ გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით. ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველო-ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელსაც ხელი სულ ცოტა ხნის წინ მოეწერა. ეს შეთანხმება მნიშვნელოვან შესაძლებლობებს სთავაზობს უკრაინელ ინვესტორებს და გჯერა, რომ იგი დამატებით ბიძგს მისცემს ქართულ-უკრაინული საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავებას… ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ბიზნესსექტორთან თანამშრომლობას, რადგან მიგვაჩნია, რომ სწორედ ის არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა. დღეს ჩვენ მზად ვართ უკრაინულ ბიზნესწრეებს შევთავაზოთ საქართველოში არსებული მაქსიმალურად კომფორტული პირობები ბიზნესის განვითარებისთვის,ასევე თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები თურქეთთან, ჩინეთთან, ჰონ კონგთან და მომავალი წლის ბოლოდან, დიდი ალბათობით, ინდოეთთან, რადგან უკვე არსებობს ორმხრივი დაინტერესება და კონსულტაციებიც დაწყებული გვაქვს,” – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის მნიშვნელობა შეაფასა და ხაზი გაუსვა, რომ მას გიორგი კვირიკაშვილთან ნდობასა და პატივისცემაზე დაფუძნებული მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრა. მანვე იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე წლის შემოდგომაზე, უკრაინაში შედგება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები