საკრებულოში დედაქალაქის მიწათსარგებლობის განახლებული გენერალური გეგმის პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დედაქალაქის მიწათსარგებლობის განახლებული გენერალური გეგმის პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრა, რომელიც საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის სხდომათა დარბაზში გაიმართა, წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ გახსნა.
გიორგი ალიბეგაშვილმა დედაქალაქისთვის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნული დოკუმენტის შემუშავების პროცესში მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
როგორც თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ აღნიშნა, დოკუმენტი ქალაქის შემდგომი განვითარებისთვის ქმედითი ინსტრუმენტი უნდა გახდეს.
დედაქალაქის მიწათსარგებლობის განახლებული გენერალური გეგმის პროექტი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს აღნიშნულ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის – „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ თანახელმძღვანელმა, მერაბ ბოლქვაძემ წარუდგინა, რომელმაც გაწეული სამუშაოს შედეგებზე და უკვე შემუშავებული კონცეფციის სხვადასხვა ასპექტებზე დეტალურად ისაუბრა.
ბოლქვაძის განმარტებით, შედგენილია სხვადასხვა შინაარსის რუკები, რომლებიც დედაქალაქის განაშენიანების, სივრცითი შეზღუდვისა და სამშენებლო განვითარების აკრძალვის საზღვრებს და ასევე, გამწვანებული ტერიტორიების, სკვერებისა და ლანდშაფტური დაცვის ზონებს დაადგენს.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
საკრებულოს წევრებმა დედაქალაქის მიწათსარგებლობის განახლებულ გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფს გატარებული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადეს და საკუთარი წინადადებები წარმოადგინეს.
დეპუტატები თბილისის ურბანული განვითარების აქცენტებზე, ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, კულტურული მემკვიდრეობის გარემოს მიმართ დამოკიდებულებაზე, ასევე, დედაქალაქის სხვადასხვა არეალების, მათ შორის რეკრეაციული სივრცეების რუკებით, სარკინიგზო ქსელის პერსპექტივით, მცირე მდინარეების გახსნისა და მტკვრის გასწვრივ გამწვანებული არეალების მოწყობის სქემებით დაინტერესდნენ, რაზეც „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
შეხვედრაზე დისკუსია თბილისის სატრანსპორტო ქსელის განვითარების ხედვაზე, მათ შორის მდინარე მტკვარზე განსახორციელებელ პროექტებზე, ცალკეული უბნების განაშენიანების პერსპექტივაზე და ქალაქისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზეც გაიმართა.
როგორც აღინიშნა, დოკუმენტის დამტკიცებამდე, არაერთი საჯარო განხილვა მოეწყობა და მასში სხვადასხვა სტრუქტურებთან ერთად, მოსახლეობაც ჩაერთვება.
დედაქალაქის მიწათსარგებლობის განახლებული გენერალური გეგმის პრეზენტაციას თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები, ურბანისტები, გამგებლები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები