“ქრთამის აღებასა და სახელმწიფო საიდუმლოს გამჟღავნებაში მსჯავრდებული შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი პრეზიდენტმა ერთ დღეში ორჯერ შეიწყალა”

„სასამართლო სხდომის ოქმით ირკვევა, რომ 2013 წლის 27 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, გიორგი ბაჯელიძეს „როიალ არტ ჯგუფისგან“, ქრთამის სახით, მიღებული აქვს 9000 ლარი“,- ამის შესახებ გაზეთ „პრაიმტაიმის“ მიერ მოპოვებულ სასამართლო სხდომის ოქმშია საუბარი.
აღნიშნული ოქმიდან ცნობილი გახდა, რომ ბაჯელიძე არათუ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, არამედ ქრთამის აღების ბრალდებით, პირდაპირ თანხის გადაცემის მომენტში, საკუთარ კაბინეტში დააკავეს. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ყველაფერი აუდიტის სამსახურის სკანდალური დასკვნით დაიწყო. სწორედ ლაშა თორდიას უწყება იყო პირველი, ვინც გიორგი ბაჯელიძისა და შპს „როიალ არტ ჯგუფის“ საეჭვო ფინანსური კავშირებით დაინტერესდა.
„ყურადღება ერთმა საინტერესო გარემოებამ მიიპყრო, კერძოდ: მაისურაძის ქუჩაზე მდებარე შსს-ს კინოლოგიის სამსახურის სარემონტო სამუშაოებზე გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „GSG GROUP“-ი. 2013 წლის 3 ივლისს კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულებაც, 268.8 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოებზე, თუმცა ჯერ 10 ათასი ლარის სამუშაოებიც კი არ იყო შესრულებული, რომ აღნიშნულ კომპანიასთან შსს-ს შესყიდვების სამსახურმა ხელშეკრულება გააუქმა. მიზეზად ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულება დასახელდა. ამის შემდეგ კი საქმეში ერთვება გიორგი ბაჯელიძესთან დაახლოებული კომპანია „როიალ არტ ჯგუფი“, რომელსაც 2013 წლის 30 აგვისტოს, გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით, იმავე სამუშაოების შესრულებაზე პირდაპირ გაუფორმდა ხელშეკრულება, თუმცა გაზრდილი ფასით, კერძოდ, 268 ათასის ნაცვლად, ღირებულება 284 ათასი ლარით განისაზღვრა. რამდენიმე დღეში კი, კერძოდ, 2013 წლის 11 სექტემბრის შეთანხმების ოქმით, სახელშეკრულებო ღირებულება კიდევ 28 ათასი ლარით გაიზარდა და საბოლოოდ, 312 ათას 800 ლარი შეადგინა. ანუ სამუშაოები, რომელიც შპს „GSG GROUP“-ს 268 ათას 800 ლარად უნდა შეესრულებინა, შპს „როიალ არტ ჯგუფმა“ 312 ათას 800 ლარად შეასრულა, შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტმა 50 ათასი ლარით იზარალა“,-ნათქვამია „პრაიმტაიმის“ დღევანდელ გამოცემაში.
როგორც გაზეთ „პრაიმტაიმშია“ ნათქვამი, გამოძიებამ ბაჯელიძე ქრთამის აღების გარდა, საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებაშიც დაადანაშაულა.
„ბაჯელიძემ შესყიდვის პროცედურების დაწყებამდე, არამართლზომიერი უპირატესობა მიანიჭა, რამეთუ წინასწარ გაახმაურა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გრიფით „საიდუმლო“ შესყიდვის შესახებ. მან შესასრულებელი სამუშაოებისა და ფასების შესახებ ინფორმაცია წინასწარ მიაწოდა შპს „როიალ არტ ჯგუფის“ წარმომადგენელს, მის მეგობარ მიხეილ ფაშიაშვილს, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ კომპანიას არ ჰქონდა სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის ნებართვა. როგორც წესი, ასეთ ნებართვას გრიფით „საიდუმლო“ შესყიდვებში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ანიჭებს. ყოველივე ამის უგულებელყოფით, ბაჯელიძემ „როიალ არტ ჯგუფს“ მონაწილეობა მიაღებინა საიდუმლო ფასთა შერჩევაში და საბოლოოდ, ხელშეკრულებაც გაუფორმა“,-აღნიშნულია „პრაიმტაიმში“.
გაზეთის ინფორმაციით, ბაჯელიძემ ბრალი აღიარა და დაეკისრა ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით და დაუწესდა საჯარო სამსახურში მუშაობის აკრძალვა, სამი წლის ვადით. თუმცა ამ მტკიცებულებების მიუხედავად, გიორგი ბაჯელიძე, მოულოდნელად, ყველა შეზღუდვისგან გათავისუფლდა. აქ უკვე საქმეში საქართველოს პრეზიდენტი ჩაერთო.
„გიორგი მარგველაშვილმა ქრთამის აღებასა და საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებაში ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსანი ერთდროულად ორი განკარგულებით შეიწყალა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, შეწყალების მომენტში, ბაჯელიძეს 6-თვიანი საპატიმრო სასჯელი უკვე მოხდილი ჰქონდა და შესაბამისად, მარგველაშვილმა ის დარჩენილი სამწლიანი პირობითი მსჯავრისგან გაათავისუფლა, თუმცა პრეზიდენტს გამორჩა, რომ მსჯავრდადებულს, სასამართლოს განაჩენით, საჯარო სამსახურში დასაქმების აკრძალვაც ჰქონდა დაწესებული. უცნაურია, მაგრამ სახელმწიფოს მეთაურმა, საგამონაკლისო წესით, გამოსცა დამატებით მეორე განკარგულება მოქალაქე გიორგი ბაჯელიძის შეწყალების თაობაზე, რის საფუძველზეც მას თანამდებობის დაკავების აკრძალვაც მოუხსნა. და ეს ყველაფერი 24 საათის ვადაში მოხდა. ანუ პრეზიდენტმა სამოხელეო დანაშაულში მხილებული პირი ერთი დღის ვადაში ორჯერ შეიწყალა“, – წერს „პრაიმტაიმი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები