მოქალაქეები, რომლებიც მიწის ნაკვეთებს სხვადასხვა მიზეზით ვერ ირეგისტრირებდნენ, 12 დასახლებაში რეგისტრაციას უფასოდ შეძლებენ

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის მეორე ეტაპის – სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების, მედიატორების, კონტრაქტორი კომპანიისა და რეგიონული ფასილიტატორების დახმარებით, საჯარო რეესტრი რეგისტრაციისათვის საჭირო ყველა პროცედურას თავად განახორციელებს.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოქალაქეები, რომლებიც მიწის ნაკვეთებს სათანადო საბუთების არქონის, დოკუმენტებში არსებული ხარვეზების, სამეზობლო დავების, საკადასტრო აზომვითი ნახაზისთვის საჭირო საფასურისა თუ სხვა მიზეზების გამო ვერ ირეგისტრირებდნენ, ნაკვეთების რეგისტრაციას უფასოდ, მარტივად და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლებენ.
საპილოტე პროექტი, გეოგრაფიული მრავალფეროვნების გათვალისწინებით, წინასწარ შერჩეულ 12 დასახლებაში: მანგლისში, ჯიმითში, არბოშიკში, არხილოსკალოში, სალხინოში (ვანის მუნიციპალიტეტი), კარალეთში, ზარიძეებში, ვედიდკარში, ლახამულაში, საგურამოში, მზისგულსა და შუახევში განხორციელდება.
„პროექტით უფასოდ არის გათვალისწინებული როგორც მიწის რეგისტრაციის პროცედურა, ისე რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა მომსახურება: უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების მოძიება და აღრიცხვა, საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება, საკადასტრო მონაცემების ცვლილება, საკადასტრო აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის დაზუსტება, ნოტარიუსის მიერ მხარეთა ხელმოწერის დამოწმება, მოსაზღვრე ნაკვეთების მესაკუთრეებს შორის არსებული დავების მედიაციის გზით მოგვარება, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.
მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა 2016 წლის 1 აგვისტოს დაიწყო და ორ ეტაპად ხორციელდება. რეფორმის პირველი ეტაპი – სპორადული რეგისტრაციები, რომლის ფარგლებშიც, საჯარო რეესტრი დოკუმენტაციის მოძიებასა და სარეგისტრაციო წარმოებას მოქალაქეთა ინდივიდუალური მომართვის შემდეგ იწყებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. 180 000-მდე რეგისტრაცია საჯარო რეესტრმა წარმატებით დაასრულა.
რეფორმის მეორე ეტაპის – სისტემური რეგისტრაციების საპილოტე პროექტის ფარგლებში კი მიწები წინასწარ შერჩეულ გეოგრაფიულ არეალებში, სისტემურად და პროაქტიულად მოპოვებული და დამუშავებული მონაცემების საფუძველზე დარეგისტრირდება.
„ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების“ პროექტის მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით ახორციელებს. საპილოტო პროექტი უფლების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებას, საკუთრების უფლების დაცვას, სისტემური რეგისტრაციის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებასა და ერთიანი სარეგისტრაციო და საკადასტრო ბაზის სრულყოფას ემსახურება.
საპილოტო პროექტის ფარგლებში, რეგისტრაცია არ ზღუდავს მოქალაქეებს ინდივიდუალურად, განცხადებით მიმართონ საჯარო რეესტრს და ნაკვეთები თავად დაირეგისტრირონ“, – აღნიშნულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები