გიორგი სოსიაშვილი ჯო უილსონზე: ამერიკელ ხალხს არ ეკადრება მსგავსი სახის პოლიტიკოსები

„ამერიკელ ხალხს არ ეკადრება მსგავსი სახის პოლიტიკოსები, მსგავსი სახის მოუზომავი, გაუწონასწორებელი ადამიანები, რომლებიც აზიანებენ ჩვენს ურთიერთობას,“ – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი სოსიაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, უილსონის გამოსვლა ძალიან სამწუხარო ამბავია.

„ცდილობენ თითიდან გამოწოვილი დეზინფორმაციებით, შეთითხნილი, ყალბი ბრალდებებით რაღაცნაირად ჩირქი მოსცხონ ჩვენს ხელისუფლებას, მაგრამ სრული კრახით დამთავრდება ისევე, როგორც ძალიან ბევრ ჯერზე გვიხილავს მათი კრახით დამთავრებული განცხადებები და აგორებული ყალბი კამპანიები.

ბატონი უილსონის გამოსვლა და მისი ეს გამოხტომა, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, ეს არის ძალიან, ძალიან სამწუხარო ამბავი. ამერიკელ ხალხს არ ეკადრება მსგავსი სახის პოლიტიკოსები, მსგავსი სახის მოუზომავი, გაუწონასწორებელი ადამიანები, რომლებიც აზიანებენ ჩვენს ურთიერთობას“, – აღნიშნა გიორგი სოსიაშვილმა.

ცნობისთვის, სხვადასხვა მედია-საშუალებისა და სოციალური ქსელის მეშვეობით დაწყებულ დეზინფორმაციულ კამპანიას, თითქოს, 17 აპრილის დადგენილებით 17 ქვეყნის მოქალაქე ქვეყანაში უვიზოდ შემოსვლას შეძლებს, ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი ეხმიანება.

აღნიშნულ საკითზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ სხვადასხვა მედიასაშუალებასა და სოციალურ ქსელში არასწორი ინტერპრეტაციით, მიზანმიმართულად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს 2025 წლის 17 აპრილს მიღებული ცვლილებები ამარტივებს საქართველოს საზღვარზე შემოსვლას რიგი ქვეყნების მოქალაქეებისთვის, სიმართლეს არ შეესაბამება. უწყება აცხადებს, რომ ცვლილებები ემსახურება გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლების გამკაცრებას და ემსახურება უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები