„საქართველო თავის ვალდებულებებს და ძალისხმევას ასრულებს ევროკავშირთან მიმართებაში და ჩვენ ამის ნაყოფს უკვე ვხედავთ“

“საქართველო თავის ვალდებულებებს და ძალისხმევას ასრულებს ევროკავშირთან მიმართებაში და ჩვენ ამის ნაყოფს უკვე ვხედავთ”, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ენერგეტიკული კავშირის საკითხებში, მაროშ შევჩოვიჩმა ბათუმში, რიგით მე-14 საერთაშორისო კონფერენციის – „საქართველოს ევროპული გზა – რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ გახსნაზე განაცხადა.
შევჩოვიჩმა ევროკავშირის 60-წლიან ისტორიასა და ღირებულებებზეც ისაუბრა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ღირებულებები საქართველოსთან საერთოა, რაც პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების წინაპირობაა.
„ 60 წლის წინ, საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე ევროპას, რომელსაც დღეს ვიცნობთ. ეს გახლავთ ყველაზე გრძელი პერიოდი მშვიდობისა ჩვენი კონტინენტის ისტორიაში. მშვიდობის ფასი კი კარგად ვიცით ამ რეგიონში. ჩვენ ასევე ვახსენებთ საკუთარ თავს, რამდენად გაგვიმართლა, ვიცხოვროთ ისეთ გარემოში, სადაც შეიძლება ყველა პრობლემა მოგვარდეს მრგვალი მაგიდის გარშემო, პარტნიორობის სულისკვეთებით. ჩვენ ყოველთვის ვეძებთ ყველა პრობლემის მშვიდობიანად მოგვარების მექანიზმებს. ევროკავშირის მომავალზე თუ ვიფიქრებთ, საკუთარ თავს უნდა გავახსენოთ, რომ ეს ჩვენ არ მიგვიღია დამფუძნებელი მამებისაგან მემკვიდრეობად. ევროკავშირი ღირებულებებს ეყრდნობა. საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა ეთანხმება ევროპულ ხედვას. ჩვენი ასოცირება ნათლად ემყარება საერთო ღირებულებებს. ჩვენ გაგვაჩნია საერთო დღის წესრიგი, ინტერესები, ვალდებულებები, რათა ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდეს მომავალი თვეებისა და წლების პერსპექტივით. ჩვენი კავშირები და პარტნიორობა ძალიან მაღალი დონისაა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მიმართულება, ეს ხარისხი უნდა შენარჩუნდეს და კიდევ უფრო გაღრმავდეს“, – განაცხადა მაროშ შევჩოვიჩმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები