მამუკა მდინარაძე – ვიდრე ერთი მხრიდან იქნება საუბარი სინდისის პატიმარზე და მეორე მხრიდან დამნაშავეზე, აქ საზოგადოებრივი თანხმობა და ერთობა ვერ შედგება – მე, როგორც ერთი მოქალაქე, მომხრე ვიქნები ნებისმიერი ჰუმანური გადაწყვეტილების, იმ შემთხვევაში, თუ იქნება მონანიება

ვიდრე ერთი მხრიდან იქნება საუბარი სინდისის პატიმარზე და მეორე მხრიდან დამნაშავეზე, აქ შეთანხმება, საზოგადოებრივი თანხმობა და ერთობა ვერ შედგება, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ვიდრე ერთი მხრიდან იქნება საუბარი სინდისის პატიმარზე და მეორე მხრიდან დამნაშავეზე, აქ შეთანხმება, საზოგადოებრივი თანხმობა და ერთობა ვერ შედგება. თქვენ როდესაც ამბობთ, რომ სასულიერო პირებმა და სინოდის წევრებმა თქვეს, რომ სინდისის პატიმრების შეწყალება იქნება კარგი, მათ სინდისის პატიმრები არ უხსენებიათ. მათ თქვეს, რომ ვინც ინანიებს, ვინც გამოხატავს სინანულს, მისი შეწყალება არის კარგი და მე ამას ვეთანხმები. თუკი ადამიანი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ინანიებს ამ ქმედებას, სახელმწიფო ასეთი პირის მიმართ ყოველთვის უფრო ლმობიერია, მათ შორის საპროცესო შეთანხმებასთან და შეწყალებასთან მიმართებაში. მაგრამ, როდესაც თქვენ მათ უწოდებთ სინდისის პატიმრებს, ეს არის განზრახ შექმნილი ბარიერი, რომ ისინი არ შეიწყალონ და დაპირისპირება იყოს კვლავ აქტუალური”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, 5-6 წლის წინ სინდისის პატიმრად იწოდებოდა ისეთი ადამიანი, რომლის მიმართაც სახელმწიფომ გამოიყენა უსამართლო გადაწყვეტილება, თუმცა ეს სიტყვა გააუფასურეს.

„5-6 წლის წინ სინდისის პატიმრად იწოდებოდა ისეთი ადამიანი, რომლის მიმართაც სახელმწიფომ გამოიყენა უსამართლო გადაწყვეტილება, რომელიც იყო უპრეცენდენტო, უსამართლობის ხარისხის თვალსაზრისით და ეს იყო საყოველთაოდ იმდენად გავრცელებული, რომ მთელი მსოფლიო ამაზე საუბრობდა. იმდენად გააუბრალოეს ეს სიტყვა, რომ გაცვდა და არასერიოზულად გამოიყურება. მე რომ ვყოფილიყავი მათი რომელიმეს ადვოკატი, მე თვითონვე ვიქნებოდი სასტიკი წინააღმდეგი რომ სინდისის პატიმარი ვინმეს ეწოდებინა, იმიტომ, რომ ეს იმდენად არასერიოზულია, რომ შემდეგ სხვა არგუმენტს სერიოზულად არავინ ისმენს.

მე, როგორც ერთი მოქალაქე, მომხრე ვიქნები ნებისმიერი ჰუმანური გადაწყვეტილების, იმ შემთხვევაში, თუ იქნება მონანიება. თუ ადამიანი ითხოვს შეწყალებას, გააცნობიერებს რა მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, არ ვიქნები წინააღმდეგი”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები