გიორგი ბაჯელიძე ვერ ამტკიცებს, რომ პატიმართა საკვებით უზრუნველყოფაზე კომპანია „ნილი“ ზრუნავს

ორგანიზაცია „შეაჩერე კორუფციის“ წარმომადგენელმა, შს სამინისტროს ყოფილი თანამშრომელმა, გიორგი ბაჯელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ვერ წარმოადგინა დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ პატიმართა საკვებით უზრუნველყოფას კომპანია „ნილი“ ახდენს.
როგორც მან აღნიშნა, კვებასთან დაკავშირებულ ტენდერებს გრიფით საიდუმლო ადევს, რის გამოც ვერ ხერხდება ინფორმაციის გადამოწმება. „ის ფაქტი, რომ ტენდერში მონაწილე კომპანიებს შორის ყველაზე მაღალი შეფასება „ნილს“ აქვს, გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ აღნიშნული კომპანია ზრუნავს კვებაზე. თუ სხვა კომპანიაა, მაშინ სამინისტრომ გაასაჯაროოს ეს ინფორმაცია. ჩვენ გვაქვს საჯარო რეესტრიდან ამონაწერები, ყველაფერს დოკუმენტურად ვადასტურებთ“, – განაცხადა გიორგი ბაჯელიძემ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულების მინისტრის მიმართ რაიმე სახის პიროვნული ინტერესი არ აქვს და ის მხოლოდ ტენდერების შესახებ ასაჯაროებს ინფორმაციებს.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში დეზინფორმაცია უწოდეს გიორგი ბაჯელიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულთა კვებით უზრუნველყოფას კომპანია „ნილი“ ახდენს. როგორც უწყებაში აცხადებენ, 2016 წლის 19 დეკემბერს კვებით უზრუნველყოფაზე გამოცხადებულ შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში, რომელიც 2016 წლის 30 დეკემბერს დასრულდა, ყველაზე დაბალი ფასი შპს „ნილმა“ წარმოადგინა.
კომპანიას წინადადების მიღების დასრულებიდან შვიდ სამუშაო დღეში, სამინისტროში უნდა წარედგინა ფასების ცხრილი და ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაცია. „ნილმა“ დოკუმენტაცია არ წარადგინა და ამის გამო, ის დისკვალიფიცირებულ იქნა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები