გიორგი გახარია თურქეთის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა

საქართველოსა და თურქეთს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფართოება და სავაჭრო ბრუნვის გაზრდა იყო ის ძირითადი საკითხები, რაზეც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ და თურქეთის ეკონომიკის მინისტრმა, ნიჰატ ზეიბექჩიმ სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. გიორგი გახარია თურქეთის რესპუბლიკაში 10 ივლისს გაემგზავრა, სადაც მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ნავთობის 22-ე კონგრესში და ასევე, შეხვდა თურქეთის პრემიერ-მინისტრს, ბინალი ილდირიმს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე გიორგი გახარიამ ისაუბრა იმ პოტენციალზე, რაც ორ ქვეყანას შორის არსებობს, ექსპორტ-იმპორტის გაზრდისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლებში ვაჭრობის შემდგომ ლიბერალიზაციის კუთხით. უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და ვაჭრობის კომისიის (JETCO) მნიშვნელობა, რომლის დაფუძნების შესახებ ერთობლივ დეკლარაციას მინისტრებმა თბილისში, 2017 წლის მაისში, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ბინალი ილდირიმის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მოაწერეს ხელი.
გიორგი გახარიას შეფასებით, ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია იმისთვის, რომ ორ მეზობელ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო მაღალ დონეზე განვითარდეს და დაჩქარდეს თავისუფალი ვაჭრობის გაფართოების პროცესი, რომელიც საქონლით ვაჭრობის შემდგომ ლიბერალიზაციას და ასევე, მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციის დამატებას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, 2017 წლის 5 თვის მონაცემებით, საქართველოს ძირითად 10 სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას შორის, თურქეთი პირველ ადგილზეა, საქართველოს მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 15%-იანი წილით. აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში ქართული პროდუქციის ექსპორტი 17%-ით არის გაზრდილი და 97,1 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები