დავით ნარმანია: პეკინის ქუჩაზე ყველაზე რთული სამუშაოების ძირითადი ნაწილი შესრულებულია

თბილისის მერი დავით ნარმანია, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურ დირექტორთან, გიორგი ცხადაძესთან ერთად, პეკინის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ პეკინის ქუჩის მარცხენა მხარეს, წყალმომარაგების ქსელზე მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.
კომპანიამ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის სრულად შეცვალა 355 მმ-იანი და 160 მმ-იანი წყალსადენის 1.5კმ სიგრძის ქსელი. წყალმომარაგების სტაბილურობისთვის კი განახლებულ ქსელზე 12 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა.
თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.
„სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. გეგმა-გრაფიკი, რაც ჩვენ თავიდანვე შევადგინეთ, ამ გეგმა-გრაფიკის მიხედვით მივდივართ და ჩამორჩენა არცერთი დღე არ გვაქვს. მნიშვნელოვანია ის, რომ ყველაზე, ასე ვთქვათ, მძიმე და რთული სამუშაოების ძირითადი ნაწილი არის შესრულებული, რაც გულისხმობს მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლას და ეს სამუშაოები გრძელდება, პარალელურ რეჟიმში. ამ თვეში ძირითადად მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების სამუშაოები მორჩება, რათა შემდეგ უკვე დავიწყოთ სხვა სამუშაოები, რაც გულისხმობს ტროტუარების კეთილმოწყობას, ასფალტის საფარის მომზადებას, ამის შემდეგ კი გადაერთვება მოძრაობა მეორე მხარეს და ანალოგიურად, იქითაც მოწესრიგდება ეს ნაწილი“,- განაცხდა დავით ნარმანიამ.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” განცხადებით, კომპანიის მიერ, გეგმის 60% უკვე შესრულებულია.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა პეკინის გამზირზე გეგმის 60% უკვე განახორციელა, წყალსადენისა და წყალარინების ქსელზე დაგეგმილი მასშტაბური სამუშაოები, კომპანიის მხრიდან, 11 აგვისტოს საბოლოოდ დასრულდება“,- განაცხადა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ცხადაძემ.
ცნობისთვის, ივლისის მეორე ნახევრიდან, სამუშაოების ახალი ეტაპი, 1000 მმ-იანი და 900 მმ-იანი თუჯის მაგისტრალური ქსელების 1.3 კმ სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები