მიხეილ ჯანელიძე მოლდაველ კოლეგას შეხვდა

ქ. კიშინიოვში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძისა და მოლდავეთის ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრის, ანდრეი გალბურის შეხვედრა გაიმართა. მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი მოლდავეთში ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების საიუბილეო თარიღს – 25 წლისთავს ემთხვევა.
უწყების ხელმძღვანელმა კოლეგას აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალური დიალოგის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნულ შეხვედრაზე წამოყენებული ინიციატივები და იდეები მნიშვნელოვანი შედეგის მომტანი იქნება, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნებისთვის, ასევე, თავად ევროკავშირისთვის. მინისტრებმა მზადყოფნა გამოთქვეს, მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ ევროპული ინტეგრაციის მიზნების განხორციელების პროცესში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის ტრადიციულად მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. ასევე, აღინიშნა ბოლო პერიოდში თანამშრომლობის განსაკუთრებული ინტენსიფიკაცია, მათ შორის, წარმატებული დარგობრივი თანამშრომლობა სამართალდამცავი, თავდაცვის, იუსტიციის, საბაჟო, სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში.
შეხვედრაზე საქართველოსა და მოლდავეთს შორის მიმდინარე წლის აპრილში პირველი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიისა და ბიზნესფორუმის გამართვაზეც ისაუბრეს, რაც ახალ იმპულსს შესძენს ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას, რომლის მაჩვენებელიც მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 60%-ით გაზრდილია. ხაზი გაესვა ხალხთაშორისი ურთიერთობის მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობას, რასაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.
აღინიშნა მოლდაველი ტურისტების მზარდი ინტერესი საქართველოს მიმართ.
„ხაზი გაესვა საქართველოსა და მოლდავეთის თანამშრომლობას საერთო გამოწვევების დაძლევის პროცესში. აღინიშნა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთმხარდაჭერა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კოლეგას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდის მოვლენებზე ინფორმაცია მიაწოდა და მოლდავეთს საერთაშორისო ფორმატებში საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა”,- აცხადებენ სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველო-მოლდავეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოცემულ საფოსტო მარკებს.
მიხეილ ჯანელიძემ თავისი კოლეგა ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები