გიორგი მღებრიშვილმა ტალინში გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ტალინში გამართულ ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მინისტერიალზე სამართალდაცვით სფეროში განხორციელებული რეფორმების, კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, მიგრაციისა და საზღვრის მართვის საკითხები განიხილეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ანდრეს ანველტმა გახსნა. ესტონეთის შს მინისტრმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოსა და უკრაინის ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები ევროკავშირთან თანამშრომლობის თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავიდნენ. ევროკომისარმა მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში, დიმიტრის ავრამოპულოსმა კი აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან თავისუფალი სავიზო რეჟიმის მიღწევა საქართველოსა და უკრაინის მიზანმიმართული მუშაობის შედეგია.
მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი.
„როგორც მოგეხსენებათ, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია. აქედან გამომდინარე, არსებული თანამშრომლობის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულება და თანამშრომლობის სფეროების გაფართოება ჩვენი საგარეო პოლიტიკის გრძელვადიან სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს. შენგენის სივრცის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება ჩვენთვის არის როგორც დიდი მიღწევა, ასევე, დიდი გამოწვევა. ქართული მხარე სრული პასუხისმგებლობით ეკიდება ევროკავშირის მხრიდან გამოცხადებული ნდობას. ასევე, ვაცნობიერებთ თუ რას ნიშნავს იყო ევროპული მხარისთვის სანდო პარტნიორი ქვეყნის სტატუსის მატარებელი“, – განაცხადა საქართველოს შს მინისტრმა.
გიორგი მღებრიშვილმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2017-2020 წლების ეროვნულ სტრატეგიასა და სტრატეგიის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმას, რომლის ერთ-ერთ კომპონენტსაც კიბერდანაშაული წარმოადგენს. საქართველოს შს მინისტრმა მსოფლიო გამოწვევის – კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით შესაძლებლობების განვითარების კუთხით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე საპოლიციო თანამშრომლობის პროექტს მაღალი შეფასება მისცა და აღნიშნა, რომ საქართველოს სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში განხორციელებულ პროექტებშიკვლავაც აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ.
მინისტერიალზე დადებითად შეფასდა საქართველოს დელეგაციის ინიციატივა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, იუსტიციის რეფორმის ყოველწლიური კონფერენციის ჩატარების და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული ქსელის ჩამოყალიბების შესახებ, რომელიც სამოქალაქო და კომერციულ სფეროში სამართლებრივ თანამშრომლობას ეხება. ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა მეოთხედ, ტალინში გაიმართა. მინისტერიალს პირველად 2013 წელს ლუქსემბურგმა უმასპინძლა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები