ჩაბუქის ოჯახის ადვოკატი სამინისტროს გადაწყვეტილებას საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრებს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გადაწყვეტილებას, დემირელის კოლეჯის მენეჯერის, მუსტფა ემრე ჩაბუქის დაცვის მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრებს.
ადვოკატი სოსო ბარათაშვილი უახლოეს დღეებში პრესკონფერენციას გამართავს და საკითხზე დეტალურად ისაუბრებს.
„ეს გადაწყვეტილება ერთი თვის ვადაში, ყველა შემთხვევაში გასაჩივრდება თბილისის საქალაქო სასამართლოში. მიგვაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც არსებობს უამრავი ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს მინიჭებოდა ლტოლვილის სტატუსი და დაუშვებელია მისი ექსტრადირება, უნდა გაეთვალისწინებინა ეს ლტოლვილთა სამინისტროს და უნდა დაეკმაყოფილებინა თხოვნა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე”, – განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.
მისივე თქმით, იქამდე სანამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების განხილვა არ დასრულდება, ექსტრადირების შესახებ გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული.
დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი თბილისში, თურქული მხარის მოთხოვნით, 24 მაისს დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინა საექსტრადიციო სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მას ტერორისტებთან კავშირს ედავებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები