გიორგი ანდრიაძე: თუ მამალაძე გამართლდა, მეუფე პეტრე სრულიად სხვანაირ სინოდს ჩაატარებს

საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი ანდრიაძემ გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ციანიდის საქმეში“ ბრალდებულ გიორგი მამალაძის გამართლების შემთხვევაში, მეუფე პეტრე სრულიად სხვანაირ სინოდს ჩაატარებს და იქ მივა, როგორც გამარჯვებული.
„გიორგი მამალაძე რომ გამართლდება – და ამის საკმაოდ მაღალი ალბათობა არსებობს, ჩემ მიერ ზემონახსენები მიზეზების გამო – ეს ვის წისქვილზე დაასხამს წყალს? რა თქმა უნდა, იმის, ვინც დეკანოზს გვერდში ედგა. ასეთი კი გახლავთ ერთადერთი, მიტროპოლიტ მეუფე პეტრეს სახით. თუ მამალაძე გამართლდა, მეუფე პეტრე სრულიად სხვანაირ სინოდს ჩაატარებს და იქ მივა, როგორც გამარჯვებული. საქართველოს სასამართლომ რომც გაამტყუნოს, მათ გათვლა აქვთ ევროსასამართლოზე და ჩვენ ვნახეთ, რა გადაწყვეტილება მიიღეს სტრასბურგში „რუსთავი 2“-ის საქმეზე“, – აღნიშნა გიორგი ანდრიაძემ.
სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ფიქრობს, რომ ამ პროცესში მთავარი როლი მასმედიას დაეკისრა და მასში მეუფე პეტრეც ჩართულია.
„ეს არის მოცემულობა. მაგალითად, ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია არის პირველი მტერი საპატრიარქოსი. სამწუხაროდ, ის მარტო არ არის. ამ პროცესში მთავარი როლი დაეკისრა მასმედიას, უმეტესწილად კი ტელევიზიებს. არ მაძლევენ სრულფასოვანი ეთერის შესაძლებლობას, რათა საზოგადოებამ იცოდეს, რეალურად თუ რასთან გვაქვს საქმე. ამ კამპანიაში ჩართულია მეუფე პეტრე და ეს ღიად ჩანს. ცალსახად ჩანს, რომ ამაში აქტიურად არის ჩართული გავლენიანი მედია და კონკრეტული ჟურნალისტები. ამის უკან დგას ძალიან დიდი ძალა. კონკრეტულ პირებს მე ვერ გეტყვით, მაგრამ გადახედეთ სატელევიზიო სივრცეს. როგორი შეტევა მიდის „რუსთავი 2“-ის და არამხოლოდ მისი ეთერით საპატრიარქოზე. პარალელურად, „იმედი“ თეთრ პიარს უკეთებს პეტრე ცაავას. ეს არის ერთიანი პოლიტიკა, რომელსაც მართავენ ანტიეკლესიური ძალები – ვგულისხმობ გარე ძალებს- შემსრულებლები, რა თქმა უნდა, ადგილობრივი ძალები არიან“, – განაცხადა ანდრიაძემ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები