კოკა ყანდიაშვილი: ზალიკო უდუმაშვილი პაატა ბურჭულაძის შეცდომებს იმეორებს!

„ვწუხვარ, რომ ზალიკო უდუმაშვილი პაატა ბურჭულაძის შეცდომებს იმეორებს!“ – ამ სათაურით გაზეთი „ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში ჟურნალისტ კოკა ყანდიაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს. კოკა ყანდიაშვილი ინტერვიუში მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრობს და ღიად აცხადებს, რომ თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძე გაიმარჯვებს. ამასთანავე, კოკა ყანდიაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს, ზაალ უდუმაშვილს მიმართავს და აცხადებს, რომ ყოფილი ტელეწამყვანი პაატა ბურჭულაძის შეცდომებს იმეორებს.
„ ზალიკოს 20-25 წელიწადია ვიცნობ და მის მიმართ დადებითად ვარ განწყობილი. ვწუხვარ, რომ პაატა ბურჭულაძის შეცდომებს იმეორებს. აი, ნახავთ, ყველაფერი იმით დასრულდება, რომ არჩევნების შემდეგ, ეთერს დაუბრუნდება და მუშაობას ძველებურად გააგრძელებს. ვინმეს მართლა ჰგონია, რომ ამ ქვეყანაში, ან სხვაგან, კახა კალაძეს არჩევნებს მოუგებენ?! რა სისულელეა! თუ უნდათ დროის უქმად ხარჯვა, აქეთ-იქით სიარული და ტინგიცობა, კი ბატონო. ელენე ხოშტარია, რომ ქალაქ თბილისის მერი მომავალი ასი წლის განმავლობაში ვერ გახდება, ამის გარანტიას მე გაძლევთ. სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები, ამ გაუგებრობაში რა უნდა. არ ვურჩევ მერობაზე კენჭი იყაროს. ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე იქნება! ნურავის შეეპარება ეჭვი. იგი ერთ-ერთი საამაყო ქართველია, წარმატებას მსოფლიო მასშტაბით მიაღწია! რაც არ უნდა შავი პიარი აუგორონ, ტყუილად გაირჯებიან! ყველა დანარჩენ კანდიდატს ვეტყვი, დიდი მადლობა, რომ არჩევნებში იღებთ მონაწილეობას და აგებთ!” – აცხადებს კოკა ყანდიაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები