პოლიტიკოსის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებს სამართლებრივი ლეგიტიმაციის თვალსაზრისით, პრობლემა არ გააჩნია

მამუკა კაციტაძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს, სამართლებრივი ლეგიტიმაციის კუთხით, პრობლემა არ გააჩნია.
„დღევანდელი სიტუაცია დიამეტრალურად განსხვავებულია. თუ ერთი თვის წინა აბსოლუტურად სხვა სიტუაცია იყო, დღეს უკვე, სამართლებრივი პროცესის თვალსაზრისით, სიტუაცია პრინციპში, იქნება დასრულებული, რადგან ორი მოსმენით გასული საკონსტიტუციო ცვლილება, სამართლებრივი თვალსაზრისით, აღარ ტოვებს შანსს იმისას, რომ რაიმე შეიცვალოს პოზიტიური თუ ნეგატიური მიმართულებით. ამიტომ, მოცემულობა აბსოლუტურად სხვა დგება, რადგან რეალობა იქმნება ასბოლუტურად განსხვავებული. საკითხს აქვს ორი მხარე: სამართლებრივი და პოლიტიკური. სამართლებრივი თვალსაზრისით, პროცესი, პრინციპში, დასრულებულია, ლეგიტიმაციის თვალსაზრისითაც, პრობლემა სამართლებრივი კუთხით, ნაკლებად არის, რადგან როცა კანონის მიხედვით იღება გადაწყვეტილება, ბუნებრივია, რომ მას სამართლებრივი პრობლემა არ აქვს. არის მეორე მხარე და ეს არის პოლიტიკური ლეგიტიმაციის საკითხი, რაზეც გუშინ უმრავლესობის წევრებიც საუბრობდნენ. დგება პოლიტიკური ლეგიტიმაციის საკითხი, თუმცა ხელისუფლება აცხადებს, რომ მზად არის, აიღოს ეს პასუხისმგებლობა. მიუხედავად იმისა, რომ აქტიურობა და ჩართულობა საერთაშორისო საზოგადოებისა იყო, მაინც მგონია, რომ მათი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი იყო ფრთხილი“,- განაცხადა კაციტაძემ.
მისივე თქმით, გუშინ, პრემიერ-მინისტრის განცხადება და საკონსტიტუციო ცვლილებების შეფასება სწორი ნაბიჯი იყო.
„არის კიდევ ერთი დეტალი, არ იყო კარგი, რომ პროცესის განმავლობაში, ნაკლებად ჩანდა ან სულ არ ჩანდა პრემიერ-მინისტრი, თუმცა გუშინ ის გამოჩნდა, მან გააკეთა კომენტარები, რაც სწორია, რადგან ვერ გაექცევი ასეთ სიტუაციაში ლიდერი პროცესს და ბუნებრივია, რომ ეს გამოჩენა იყო საჭირო ზოგადად პოლიტიკური პროცესისთვის“,- განაცხადა მამუკა კაციტაძემ.
საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა 21 ივნისს პირველი მოსმენით მიიღო.
საკონსტიტუციო კომისია გასული წლის დეკემბერში შეიქმნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები