დავით მათიკაშვილი: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს ვურჩევდი, ნუ გასცდება კანონით მისთვის დადგენილ უფლებამოსილებების ფარგლებს

„პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს ვურჩევდი, ნუ გასცდება კანონით მისთვის დადგენილ უფლებამოსილებების ფარგლებს. მათ რომ თავიდანვე მიეღოთ მონაწილეობა ამ პროცესში, იქნებოდა გაცილებით უკეთესი, პოზიტიური და შედეგებზე ორიენტირებული, ნაცვლად იმ დესტრუქცივიზმისა, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის მთელი დროის განმავლობაში აწარმოა“, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
მისივე თქმით, შედარება იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ თვითონ ინდივიდუალურად მიიღო კონსტიტუცია, არის სიცრუე და საზოგადოების მოტყუება, რადგანაც, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობდნენ როგორც საპარლამენტო, ასევე, არასაპარლამენტო ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და ორი თაობის კონსტიტუციონალისტები, მაღალი დონის პროფესიონალები.
„ეს კონსტიტუციური ცვლილებები, რაც მოიწონა კომისიამ საერთო სახალხო განხილვების შედეგად, ასევე, საზოგადოების მიერ იქნა მოწონებული ასევე, ვენეციის კომისიის შედეგად ერთმნიშვნელოვნად იქნა მოწონებული. ეს ყველაფერი მეტყველებს მხოლოდ ერთ რამეზე, რომ ჩვენ ვდგევართ სწორ გზაზე და ნაცვლად იმ არადემოკრატიული და არაჯანსაღი კონსტიტუციისა, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაგვიტოვა, ჩვენს ქვეყანას აუცილებლად ექნება ძალიან კარგი და დემოკრატიული კონსტიტუცია“, – აცხადებს დავით მათიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები