პარლამენტში კამპანია “#განიკურნეს“ ფარგლებში C-ჰეპატიტის სკრინინგი ჩატარდა

“#განიკურნე“ – კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტებმა C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაატარეს.
სწრაფი მარტივი ტესტის გაკეთება პარლამენტის წევრებსა და აპარატის თანამშრომლებს შეეძლოთ. #განიკურნე – ჯანდაცვის სამინისტროს ახალი კამპანიაა, რომლის მიზანია, C ჰეპატიტის გამოვლენა ყველა იმ ადამიანში, ვინც ჯერ კიდევ არ იცის, რომ ვირუსის მატარებელია.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველო არის გლობალური ლიდერი C ჰეპატიტთან ბრძოლის თვალსაზრისით.
“ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს უნიკალურ პროგრამას. ეს არის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. ჩვენ გვაქვს ორი მთავარი მიზანი. პირველი – არც ერთი მოქალაქე, რომელსაც მკურნალობა სჭირდება, არ დარჩეს მკურნალობის გარეშე. შეიძლება ითქვას, რომ დღეისათვის ეს მიზანი მიღწეულია. მეორე მნიშვნელოვანი მიზანია, არც ერთი ახალი შემთხვევა და არც ერთი ახალი C ჰეპატიტის ინფექცია, რაც არის ელიმინაციის პროგრამის მიზანი. კამპანიაში “განიკურნე“ ჩართულობა, ემსახურება იმას, რომ ყველამ ჩაიტაროს სკრინინგი C ჰეპატიტის ინფექციაზე და შემდგომში თუ საჭიროა, ამ თანამედროვე მკურნალობით დაამარცხოს ეს ვირუსი. კარგად უნდა გვესმოდეს რომ C ჰეპატიტის მკურნალობა ტესტირებით იწყება!“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთაკომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის თქმით, სკრინინგი დაავადების ეროვნული კონტროლის ცენტრებში, თბილისისა და მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოდ ტარდება.
“მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ, იმ ადამიანებმა, რომლებსაც ამ ვერაგ დაავადებაზე ჯერ არ ჩაუტარებიათ სკრინინგი და რომელიც უსიმპტომოდ მიმდინარეობს, დროულად ჩაიტარონ გამოკვლევა. სკრინინგი დაავადების ეროვნული კონტროლის ცენტრებში – თბილისისა და მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოდ ტარდება. მცირე კვლევის შედეგად, თითოეულ მოქალაქეს ეძლევა შანსი დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში, სრულიად უფასოდ იმკურნალოს, რომლის მკურნალობაც ძალიან ძვირი ჯდება. ეს არის პროგრამა რომელსაც საქართველო კომპანია “გილეადთან“ ერთად ატარებს და რომელიც 2020 წლამდე გაგრძელდება“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
პროექტი “განიკურნე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თაოსნობით ტარდება, რომელიც C ჰეპატიტის აღმოფხვის ელიმინაციის პროგრამას ეძღვნება. ამ პროგრამით, უკვე იმკურნალა 40000-მდე ადამიანმა, საიდანაც 30 000-მა მკურნალობა დაასრულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები