პრემიერის განცხადებით, საქართველოს შეუძლია გახდეს განათლების საერთაშორისო ცენტრი

„საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი, ჩამოყალიბდეს საერთაშორისო რეგიონული განათლების ცენტრად და ქუთაისი მართლაც გახდება საერთაშორისო განათლების მნიშვნელოვანი კერა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსსა და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი, საერთაშორისო რეგიონული განათლების ცენტრად ჩამოყალიბდეს.
„ორი დღის წინ, ხელი მოეწერა ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსსა და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის თანახმადაც, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი შემოდის ამ პროექტში არა როგორც კონსულტანტი, არამედ პარტნიორი. ამით ქუთაისის უნივერსიტეტი ხდება ერთობლივი პროექტი მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.
პრემიერის შეფასებით, ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც დიდ ზეგავლენას მოახდენს საქართველოს განვითარებაზე.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი, ჩამოყალიბდეს საერთაშორისო რეგიონული განათლების ცენტრად და ქუთაისი მართლაც გახდება საერთაშორისო განათლების მნიშვნელოვანი კერა, როგორც ეს იყო ისტორიულად. გილოცავთ ამ ძალიან დიდ წარმატებას! მოხარული ვარ, რომ საქართველო თანდათან ხდება ძალიან პოპულარული არა მხოლოდ მეზობელ ქვეყნებში, არამედ საკმაოდ დაშორებული ქვეყნებიდანაც ჩამოდიან სტუდენტები განათლების მისაღებად. ქუთაისის უნივერსიტეტი იქნება ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო ინსტიტუცია ევროპაში. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ ამ პროექტის წარმატებაში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები