სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 83 ბიზნესოპერატორი დააჯარიმა, 28-ს კი საქმიანობა შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს შემოწმების შედეგად, 83 ბიზნესოპერატორი დააჯარიმდა, საწარმოო პროცესი ან საქმიანობა 28 ბიზნესოპერატორს შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლის 12-18 ივნისის შედეგებს აქვეყნებს. როგორც „კვირას“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, სააგენტომ გასულ კვირას სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორის სახელმწიფო კონტროლი განახორციელა. უწყების ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 258 ინსპექტირება ჩატარდა. მათ შორის, თბილისში ინსპექტირებულია 68 ბიზნესოპერატორი; ზედამხედველობა განხორციელდა 24 ბიზნესოპერატორთან.
​ინსპექტირების დროს, სურსათის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე, ბიზნესოპერატორების საქმიანობა შემოწმდა.
„დოკუმენტურად შემოწმდა 232 ობიექტი, მათ შორის, 56 ბიზნესოპერატორი თბილისში. დოკუმენტური შემოწმება ითვალისწინებს ბიზნესოპერატორის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების შემოწმებას. შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო, 83 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, საწარმოო პროცესი ან საქმიანობა 28 ბიზნესოპერატორს შეუჩერდა“, – აცხადებენ სააგენტოში.
მათივე ინფორმაციით, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და მიზნად ისახავს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, მომხმარებელთა ინტერესების დაცვას.
„სახელმწიფო კონტროლის მექანიზმებია: ინსპექტირება, მონიტორინგი, ზედამხედველობა, დოკუმენტური შემოწმება, ნიმუშის აღება. კონტროლის ფარგლებში, მოწმდება მარკეტები, ხორცის, ხორცპროდუქტების, პურ-ფუნთუშეულისა და სხვ. სურსათის მწარმოებლები, სარეალიზაციო და საზოგადოებრივი კვების ობიექტები“, – განაცხადეს სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები