თბილისის მერია მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემის შექმნას გეგმავს

​თბილისის მერია მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემის შექმნას გეგმავს. ცვლილებას თბილისის მერია პოლონურ კომპანია “RG”-ს მეშვეობით განახორციელებს. როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა, გიორგი ქიშმარიამ და თეიმურაზ შერვაშიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტეს, ახალი სისტემა მგზავრის კომფორტზე იქნება გათვლილი და მომხმარებელს საშუალებას მისცემს, სწრაფი გადახდის აპარატებით, ბანკში და ინტერნეტგვერდის საშუალებით შეიძინოს როგორც ერთჯერადი, ასევე, ვადიანი სამგზავრო აბონემენტები, რომლებსაც სისტემაში ჩართული ბანკები უზრუნველყოფენ. სისტემის დანერგვის შემდეგ, შესაძლებელი იქნება, მომხმარებელმა, ავტობუსში, გადახდისთვის გამოიყენოს ქართული ბანკების მიერ გამოშვებული საბანკო ბარათები, სატრანსპორტო ბარათი, ასევე, ვირტუალური გადახდის საშუალებები, როგორიცაა მობილური ტელეფონი ან სურვილისამებრ, შეიძინონ სატრანსპორტო ბარათები.
„ ქართული ბანკების მიერ გამოშვებული ბარათებით გადახდისას, მომხმარებელი დამატებით არ გადაიხდის საბანკო მომსახურების საკომისიოს. ამავე პროექტის ფარგლებში, გამოიცვლება ავტობუსებში არსებული მოძველებული ვალიდატორები – გადახდის აპარატები, რომლებიც ახალი, თანამედროვე აპარატურით ჩანაცვლდება. ცვლილება მგზავრობის ტარიფზე არ აისახება და მგზავრობის ფასი უცვლელი დარჩება. გარდა ამისა, ტურისტებს საშუალება ექნებათ, მგზავრობის ღირებულება როგორც საქართველოში გამოშვებული სატრანსპორტო ბარათებით, ასევე, უცხოური საბანკო ბარათებით გადაიხადონ. ახალი სისტემა მოიცავს დისპეჩერიზაციის ავტომატურ სისტემასაც, რომლის საშუალებითაც, მეტი სიზუსტით იქნება შესაძლებელი ავტობუსის განრიგის და მოსვლის დროის კონტროლი, დაიხვეწება საინფორმაციო ვებგვერდი და მობილური აპლიკაცია“, – განაცხადა თეიმურაზ შერვაშიძემ.
​რეფორმის დაგეგმარების პროცესში, თბილისის მერიამ შეხვედრები გამართა და განიხილა სხვა მოწინავე კომპანიების შეთავაზებებიც. ესენი იყვნენ: “Gemicle” – უკრაინა, “KentKart”-თურქეთი, “RG” – პოლონეთი, “Ridango” -ესტონეთი, “Trapeze” – შვეიცარია, “Xerox” – აშშ, “Azry” – საქართველო.
„ ჩვენ წარმოვადგენთ პოლონურ კომპანია “RG”-ს რომელიც მსოფლიოში საუკეთესო კომპანიაა. კომპანიას განხორციელებული აქვს 20-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნული პროექტი და არის დღეს ყველაზე ცნობილი და გამოცდილი კომპანია, რომელსაც ყველა დანარჩენ კომპანიასთან მიმართებაში აქვს დიდი უპირატესობები. კომპანია “RG” წარმოადგენს არა მარტო მოწყობილობების მწარმოებელ კომპანიას, არამედ ახდენს პროგრამულ უზრუნველყოფას და გააჩნია ყველა საშუალება, რათა გადაწყვიტოს სატრანსპორტო კომპანიის საკითხები. კომპანიას შუძლია, შექმნას სისტემა კონკრეტული მომხმარებლისათვის, კონკრეტული ქალაქისათვის, მისი ყველა მოთხოვნის გათვალისწინებით. კომპანია არის ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპაში, სადაც დასაქმებულია 350 მაღალკვალიფიციური თანამშრომელი. ისინი სისტემატიურად მუშაობენ სატრანსპორტო გადაწყვეტილებების გაუმჯობესებაზე. კომპანიას მსოფლიოს ბევრ ქალაქში აქვს წარმატებულად დანერგილი საბილეთო სისტემა. კომპანიის ხელმძღვანელობა წელს ორჯერ იყო ჩამოსული თბილისში. მათ ჰქონდათ შეხვედრები ქალაქ თბილისის მერიაში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში და ბანკებთან. კომპანის მიერ წარმოდგენილმა პრეზენტაციამ ყველგან მოწონება დაიმსახურა. მის მიერ წარმოებული პროდუქცია არის საუკეთესო ხარისხის. კომპანია აწარმოებს ყველა იმ მოწყობილობას, რაც საჭიროა თანამედროვე ელეტრონული საბილეთო სისტემის შექმნისათვის და ამასთანავე, ახორციელებს პროგრამულ უზრუნველყოფას. სისტემის დანერგვის შემთხვევაში, სრულად მოწესრიგდება ფინანსური მხარე, მნიშვნელოვნად გაიზრდება მგზავრთა მომსახურების დონე და ძალიან გაუადვილებს მუშაობას სატრანსპორტო კომპანიას და მიცემს დიდ ეკონომიურ ეფექტს მართვის პერიოდში. კომპანია “ RG “ გარანტიას იძლევა , რომ ჩვენს ქალაქში შექმნის ყველაზე თანამედროვე ელექტრონულ საბილეთო სისტემას , საუკეთესო აპარატურითა და პროგრამული უზრუნველყოფით. კომპანია აწარმოებს ყველა იმ მოწყობილობას, რაც საჭიროა თანამედროვე ელეტრონული საბილეთო სისტემის შექმნისათვის და ამასთანავე, ახორციელებს პროგრამულ უზრუნველყოფას“, – განაცხადა კომპანია “RG”-ის წარმომადგენელმა გიორგი ქიშმარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები