„საზოგადოებასთან პირდაპირი კომუნიკაციის ჩანაცვლება სასახლეში შეკრებით, ეს არის უბრალოდ გაქცევა ამ ფორმატიდან“

საზოგადოებასთან პირდაპირი კომუნიკაციის შენაცვლება სასახლეში შეკრებით, ეს არის უბრალოდ გაქცევა ამ ფორმატიდან, გაქცევა იმისგან, რომ საზოგადოებას აუხსნას პრეზიდენტმა თავისი არგუმენტები – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის   ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძის განცხადებით, ირაკლი კობახიძის შეთავაზება  ღია ეთერში საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტზე გაიმართოს მსჯელობა საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, კვლავ ძალაშია.
„საქართველოს პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძის შეთავაზებას უპასუხა, რომ ჩვენ არ გვინდა საზოგადოებასთან პირისპირ ამაზე მსჯელობა. მოდი შევიკრიბოთ სასახლეში, სადაც მე დავუძახებ პოლიტიკურ პარტიებს, მობრძანდით თქვენც და იქ ვილაპარაკოთ ამაზე. სამსახურიდან რომ გვინდოდეს ჩვენ საზოგადოებასთან საუბარი, არ გაგვიჭირდებოდა ან ერთი ან მეორე სასახლე შეგვეთავაზებინა პრეზიდენტისთვის. მაგრამ აქ არის პრინციპულად განსხვავებული ფორმატი, აქ არის დემოკრატიული ფორმატი,
საზოგადოებასთან პირდაპირი კომუნიკაციის ჩანაცვლება სასახლეში შეკრებით, ეს არის უბრალოდ გაქცევა ამ ფორმატიდან, გაქცევა იმისგან, რომ საზოგადოებას აუხსნას პრეზიდენტმა თავისი არგუმენტები.
ვფიქრობ, რომ ამ შეთავაზებაზე უარის თქმით პრეზიდენტს სურს, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან დააპირისპიროს არა საკუთარი არგუმენტები, არამედ ოპოზიციური პარტიები და ის ადამიანები, რომლებსაც რეალური არგუმენტები აღარ დარჩათ ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ.
იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი შესაძლოა, ჯერ კიდევ დათანხმდეს ამ ფორმატს. შეთავაზება ძალაშია. პრეზიდენტი თვითონ ამბობდა, რომ კონსტიტუცია ეკუთვნის ხალხს. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის კონსტიტუცია, რომელიც ხელისუფლებიდან ხალხს გადაეცემა. ჩვენ ამ პირობას ვასრულებთ. როგორ წარმოგიდგენიათ პირდაპირი ეთერი, რომელშიც მონაწილეობს 50 ადამიანზე მეტი“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი მათ შეთავაზებას არ დათანხმდა, არ გამორიცხავს, რომ ღია ეთერის საშუალებით ვენეციის კომისიის დასკვნა და საკონსტიტუციო ცვლილებები თავად პარლამენტის თავმჯდომარემ გააცნოს საზოგადოებას პრეზიდენტის გარეშე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს სთავაზობს, კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ პირდაპირ ეთერში, ერთად იმსჯელონ. საპასუხოდ, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარეს საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტზე მსჯელობას პრეზიდენტის სასახლეში სთავაზობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები