პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარეს საკონსტიტუციო ცვლილებებზე ერთობლივ მსჯელობას სასახლეში სთავაზობს

საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე ერთობლივ მსჯელობასთან დაკავშირებით და აღნიშნული პროცესის პრეზიდენტის სასახლეში გამართვის ინიციატივით გამოდის.
აღნიშნული შეთავაზება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადების საპასუხოდ დღეს გააკეთა.
,,პრეზიდენტი ყოველთვის მხარს უჭერდა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში ფართო ჩართულობას  და მის მაღალ ლეგიტიმაციას, შესაბამისად ვთავაზობთ, რომ აქ, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართოს შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სახალხო დამცველი, პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები, ბიზნესასოციაციები და ფართოდ გაშუქდეს მედიის მიერ, ის პრობლემური საკითხები, რომელიც  ხელს გვიშლის მივაღწიოთ რეალურ კონსენსუსს”,  – აღნიშნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა.
გიორგი აბაშიშვილის განცხადებით,  ცვლილებების პროექტზე მსჯელობა საჭიროა, სწორედ იმისათვის, რომ ეს უმნიშვნელოვანესი, სახელმწიფოებრივი დოკუმენტი მივიღოთ არა ერთპარტიულად, არამედ, ფართო კონსენსუსის საშუალებით.
,,ფაქტია, რომ საკონსტიტუციო პროცესი ქვეყანაში საკმაოდ რთულ ფაზაშია და იმისათვის რომ ჩვენ რეალურად არ დავდგეთ ნულოვანი კონსენსუსის წინაშე, რომლის შესახებაც საუბრობს პრეზიდენტი მუდმივად და რომელზეც მიგვითითებს ახლა უკვე ვენეციის კომისია, საჭიროა, გარკვეული, რეალური, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა”, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები