ირაკლი კობახიძე: სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა უარი თქვა შეთავაზებაზე

სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა უარი თქვა შეთავაზებაზე, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ღია ეთერში საზოგადოების წინაშე ერთად ემსჯელათ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
აღნიშნული განცხადებით კობახიძე მის შეთავაზებაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციას ეხმაურება.
„სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა უარი თქვა შეთავაზებაზე, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ღია ეთერში საზოგადოების წინაშე ერთად ემსჯელათ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ პრეზიდენტი არ არის მოწოდებული, ხელი შეუწყოს კონსენსუსის ჩამოყალიბებას და თავს არიდებს ისეთ ფორმატს, რომელიც საზოგადოებას სრულფასოვან წარმოდგენას შეუქმნიდა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ. პრეზიდენტს, რომელიც საკონსტიტუციო რეფორმის მთავარი მოწინააღმდეგე იყო თვეების განმავლობაში, არ უნდა უჭირდეს საკუთარი პოზიციების დაცვა ღია ეთერში საზოგადოების წინაშე. ჩვენ კიდევ ერთხელ ვთავაზობთ გიორგი მარგველაშვილს, მისცეს საზოგადოებას საშუალება, პრეზიდენტისა და პარლამენტის პირველი პირისგან მოისმინოს არგუმენტები საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ“, -ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს სთავაზობს, კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ პირდაპირ ეთერში, ერთად იმსჯელონ. საქართველოს პრეზიდენტი კი პარლამენტის თავმჯდომარეს სთავაზობს საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტზე პრეზიდენტის სასახლეში იმსჯელონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები