არჩილ თალაკვაძე: მივესალმებით ბონუსის სისტემის იმ რეკომენდაციას, რომელიც ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნაში იქნება ასახული

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიისთვის შეთავაზებული ბონუსის მექანიზმის სამი პრინციპი განმარტა და მისი შემოღების მნიშვნელობაზე ისაუბრა. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარემ და თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვენეციაში, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული დასკვნები განიხილება, წინსწრებით წარადგინეს მართველი გუნდის პოზიცია იმ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომელიც საპარლამენტო არჩევნების სისტემას და კერძოდ, ბონუსის მექანიზმს ეხება. უმრავლესობის ლიდერმა ჟურნალისტებთან ბონუსის სისტემის ფორმულა განმარტა და მასთან დაკავშირებულ პრინციპებზე ისაუბრა.
“პარლამენტის თავმჯდომარე და პირველი ვიცე-სპიკერი ამ მომენტში უკვე იმყოფებიან ვენეციის კომისიის სხდომაზე, სადაც განიხილება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული დასკვნები. ირაკლი კობახიძემ წინსწრებით წარადგინა ჩვენი გუნდის პოზიცია იმ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომელიც საპარლამენტო არჩევნების სისტემას და კერძოდ, ბონუსის მექანიზმს ეხება. ჩვენი შეთავაზება, რომელიც ვენეციის კომისიისთვისაც მისაღებია, ერთობლიობაში მოიცავს სამ წესს: 1. აბსოლუტური ზედა ზღვრის დაწესება, რომლის თანახმადაც, პირველ ადგილზე გასული პარტია ბონუსის გამოყენებით შევსებას მხოლოდ 89 მანდატამდე მიიღებს, ანუ წესდება ზედა ჩამკეტი ზღვარი, 89 მანდატი; 2. ფარდობითი ზღვარი, რომლის თანახმადაც, პირველ ადგილზე გასული პარტია ბონუსის სახით ვერ მიიღებს მის მიერ არჩევნებში მოპოვებული მანდატების 35%-ზე მეტს. დანარჩენი გადაუნაწილებელი მანდატები პროპორციული წესით განაწილდება; 3. აბსოლუტური ქვედა ზღვარი, რომლის თანახმადაც, თუ პირველ ადგილზე გასული პარტია ბონუსის გამოყენებით ვერ აგროვებს უბრალო უმრავლესობას, ანუ 75 მანდატზე მეტს, ის ბონუსს ვეღარ მიიღებს და გაუნაწილებელი მანდატები პროპორციულად გადანაწილდება. ამ პრინციპებზე ვენეციის კომისიასთან წინასწარი მსჯელობა შედგა და შეთანხმება მიღწეულია. შესაბამისად, ჩვენ მივესალმებით რეკომენდაციას ბონუსის შესახებ უკვე საბოლოო დასკვნაშიც. ამ პრინციპების გამოყენებით, ბონუსის მექანიზმი გამორიცხავს რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიერ პარლამენტში მანდატების ჭარბ კონცენტრაციას, შესაბამისად, საპარლამენტო პროცესში, პირველ ადგილზე გასული პარტიის და ოპოზიციური პარტიების სრულფასოვან მონაწილეობას უზრუნველყოფს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები