დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი 16-17 ივნისს, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) წლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც სამხრეთ კორეაში გაიმართება.
2016-2017 წლებისთვის, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ბანკის მმართველთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარის პოზიციას იკავებს.
ვიზიტის ფარგლებში, პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ორმხრივ შეხვედრას გამართავს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტ ძინ ლიცუნთან (Jin Liqun) და ბანკის ვიცე-პრეზიდენტებთან. გარდა ამისა, დიმიტრი ქუმსიშვილი სიტყვით გამოვა ბანკის წლიური შეხვედრის ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე.
ვიზიტის ფარგლებში, პირველი ვიცე-პრემიერი ხელს მოაწერს შეთანხმებას აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან 114 მლნ. აშშ დოლარის ფინანსური რესურსის გამოყოფაზე, ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის თანადაფინანსების მიზნით.
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი წარმოადგენს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა არის საქართველო.
ბანკის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ეკონომიკური განვითარების სტიმულირება, აზიაში ინფრასტრუქტურული კავშირების გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურასა და სხვა წარმოების სექტორში ინვესტირების გზით და სხვადასხვა მრავალმხრივი და ორმხრივი განვითარების ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობა.
ბანკის სადამფუძნებლო შეთანხმება 2015 წელს გაფორმდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები