“პოლიტიკოსებმა – პარლამენტარებმა და მინისტრებმა უცხოელებზე თავიანთი მამულები გაასხვისონ“

„უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გასხვისების აკრძალვა მკაფიოდ უნდა იქნას კონსტიტუციაში დაფიქსირებული“

მიწის უცხოელებზე გასხვისებას საკითხს მიმდინარე დისკუსიაზე ანალიტიკოს ვაჟა ბერიძე ეხმაურება.
„მიუღებელია ამასთან დაკავშირებული დისკუსიის ხასიათი და შინაარსი. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ სუვერენულ ქვეყანაში კი არ მიმდინარეობს კამათი და აზრთა გაცვლა-გამოცვლა, არამედ რომელიმე დიდი ქვეყნის კოლონიაში, ან უკიდურეს შემთხვევაში დომინიონში. რას ჰქვია მიეთ-მოეთი. ქვეყნის მოსახლეობის 80%-ზე მეტი მიწის უცხოელებზე გასხვისების აკრძალვის მომხრეა და ამის დაფიქსირებას კონსტიტუციაში მოითხოვს. და ვინ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამას? ბიძინას ხათრით პარლამენტში თუ მთავრობაში მოკალათებული ინდივიდები, თუ მიშა სააკაშვილის ხათრით პარლამენტში არჩეული სხვადასხვა ჯურის ნაციონალები?
დააკვიდრით, როგორი მარაო გაშალეს ოცნების წარმომადგენლებმა: ერთი ერთს ამბობს, მეორე მეორეს, რათა ამასობაში მესამე და პრინციპულად სხვა ფორმულირება შემოგვაპარონ. ერთადერთი, სოფლის მეურნეობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დანელია იყო და არის სწორი მიდგომის მხარეს. სხვა დანარჩენი – კაკულია ერთს ამბობს, კობახიძე მეორეს, დავითაშვილი მესამეს, კალაძე მეოთხეს, პრემიერი კვირიკაშვილი ძირითადად დუმს. და აჰა, პირველი სიურპრიზი – უცხოელებზე უკვე გასხვისებული 5% მათ საკუთრებაში დარჩებაო, მოგვახსენეს. პოლიტიკოსებმა – პარლამენტარებმა და მინისტრებმა უცხოელებზე თავიანთი მამულები გაასხვისონ. უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გასხვისების აკრძალვა მკაფიოდ უნდა იქნას კონსტიტუციაში დაფიქსირებული.
უცხოელზე გასხვისებული მიწა მისმა მეპატრონემ ერთ წელიწადში უნდა გაასხვისოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირზე, ან იურიდიულ პირზე და ეს მას კანონით უნდა დაევალოს. თუ ასე არ მოხდა, სახელმწიფომ ამ უცხოელს უნდა გადაუხადოს შესაბამისი თანხა საბაზრო ფასის მიხედვით. აბა, რა გამოდის, შეიძლება გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი ან ორი თვე გავიდეს, ორ თვეში კიდევ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ნახევარი შეიძლება გადავიდეს უცხოელების ხელში.
თუ ამ დაშვებით ქართული მიწებით სპეკულირებისთვის ხელისშეწყობა გვინდა? ცბიერი და ეშმაკი კომერსანტები ჩვენს მიწებს იყიდიან და 2–3 წელიწადში ვისაც უნდათ იმას მიჰყიდიან. რუსებს რომ მიჰყიდონ? სხვა ჩვენს არაკეთილმოსურნეებს? თუ არ ჰყავს ამ ქვეყანას ასეთები? და საქართველოს ჩვენი მიწებით სპეკულირებისთვის ხელისშეშლის ბერკეტი აღარ ექნება. თუ რუსებს ავუკრძალავთ ქართული მიწების ყიდვას და სხვებს არა? ცრუმაგიერი პირებისთვის მიწების მიყიდვას როგორღა გავაკონტროლებთ? არა, სტრატეგიული ობიექტები ამ ქვეყანას არ აქვს, მიწა საარსებო სივრცის ნაწილი აღარ არის. მაშინ აშშ–ს მთავრობამ თავისი 7 პორტი ამ რამდენიმე წლის წინ რატომ არ მიჰყიდა არაბ მაგნატებს, რომლებიც იმ ქვეყნებიდან იყვნენ, აშშ–ს მეგობრებად რომ ითვლებიან?
და კიდევ ნიშანდობლივი ფაქტი – ლიტვას 2004 წლიდან 2011 წლამდე რეალურად და პრაქტიკულად ჰქონდა უცხოელებზე მიწების გაყიდვა აკრძალული. ამას მისი ევროკავშირის წევრობისთვის ხელი არ შეუშლია. 2011 წლიდან ლიტველებმა გადაწყვიტეს, რომ შეიძლებოდა გარკვეული დათქმებით უცხოელებზე მიწის მიყიდვა. ჩვენც ამ ეტაპზე ავკრძალოთ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გაყიდვა, როგორც ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის შეუსაბამო რამ. 10 და 20 წლის შემდეგ იმდროინდელი პოლიტიკოსები და ის თაობა გადახედავს ამ საკითხს, თუ დადგება ამის საჭიროება.
მავანი დამამუნათებს და შეიძლება ანათემასაც გადამცეს – ნეოლიბერტარიანული მიდგომების, ან სულაც სინგაპურიზაციაზე მეოცნებეთა რიგიდან. დიახ, მეც მომწონს სინგაპურული და ჰონგ-კონგური სასწაულები, მაგრამ იქნებ იმაზე დავფიქრდეთ, იმ გზით რატომ არ მიდის ევროპა, რატომ არ მიდის სლოვენია, მაკედონია, ბულგარეთი, რუმინეთი, პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები. რა, ისინი ჩვენზე ნაკლებად იცნობენ სინგაპურის თუ ჰონგ-კონგის გამოცდილებას? ჩვენ საუკუნეებია ველით დამოუკიდებლობას, ახლა დასამტკიცებელი გვაქვს, რომ შეგვიძლია თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყნის აშენება და არა რომელიმე იმპერიის პერიფერიად გადაქცევა. ჩემი თუ არ გჯერათ, აკადემიკოს ლადო პაპავას დაუჯერეთ, ან აგრარულ საკითხთა აღიარებულ ექსპერტს პაატა კოღუაშვილს. მათ ისიც კარგად იციან რა პრაქტიკაა სხვაგან და ისიც თუ რა შეეფერება ქვეყნის სადღეისო ინტერესებს. ბოლოს და ბოლოს, თუ მაგათიც არ გჯერათ ფადი ასლის დაუჯერეთ, ამერიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელს, რომელმაც ცალსახად დააფიქსირა, რომ უცხოელზე სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მიყიდვა უნდა აიკრძალოს და რომ აგრარულ სექტორში მიწის გასხვისებით არანაირი მნიშვნელოვანი ინვესტიციები ქვეყანაში არ შემოვა.
ხელისუფლებას და მმართველ პოლიტიკურ გუნდს ვურჩევ, თვალსაზრისები შეაჯერონ და ნუ აბნევენ საზოგადოებას. მათვე შევახსენებ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მოდის და რომ მიწის საკითხი ისეთი საკითხია, რომელსაც ნახევარი საქართველოს ქუჩაში გამოყვანა შეუძლია”, – აღნიშნა ვაჟა ბერიძემ.

წყარო: http://bfm.ge/?p=30419

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები