აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის კალიგრაფიის მასტერკლასები დაიწყო
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით, პროექტი „შემოქმედებითი ზაფხული“ დაიწყო, რომელიც ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის საკვირაო სკოლასთან ურთიერთთანამშრომლობით ხორციელდება და ერთ-ერთ მიმართულებას კალიგრაფიის მასტერკლასები წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში დევნილი ახალგაზრდებისთვის კალიგრაფიის მასტერკლასები ტარდება. პროფესიონალმა კალიგრაფმა ლეილა ბაღბაიამ აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს გააცნო ქართული კალიგრაფიის ხელოვნების სხვადასხვა ტექნიკა, ქართველ ხელნაწერთა ტრადიციები და კალიგრაფიულ ხელსაწყოებთან მუშაობის ძირითადი პრინციპები.
„კურსის მანძილზე მიღებული ცოდნა ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს განავითარონ შემოქმედებითი უნარები კალიგრაფიის ხელოვნების მიმართულებით.
შეხვედრას აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი ლევან ჯანაშია, მინისტრის მოადგილე დავით მიქავა, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მურთაზ გურჩიანი და კულტურის სამმართველოს უფროსი სალომე უზუნაშვილი ესწრებოდნენ.
პროექტის დასკვნით ეტაპზე მასტერკლასზე შექმნილი აფხაზური თემატიკის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.