საბერძნეთში კოლუმბიელებისგან შემდგარმა დაჯგუფებამ ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურა მოიპარა
საბერძნეთის დედაქალაქ ათენის 4 საავადმყოფოდან კოლუმბიელებისგან შემდგარმა დანაშაულებრივმა დაჯგუფებამ ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურა მოიპარა. მსგავსი ტიპის დანაშაული ევროპის სხვა ქვეყნებშიც მოხდა.
საბერძნეთის პოლიციის ინფორმაციით, მოპარული სამედიცინო აპარატურის ფასი 500 ათას ევროს აღემატება. მოპარულ აპარატურას შორის ენდოსკოპებია, რომლებიც კუჭის მონელების პრობლემების დასადგენად გამოიყენება. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ამ აპარატურის გამოყენებით, ნარკოტიკების კონტრაბანდით დაკავებული პირები აპირებდნენ შემოწმებას, მართლა გადაყლაპა თუ არა კურიერმა კონტრაბანდული ტვირთი საზღვარზე გადასატანად.
ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურის ქურდობამ საბერძნეთის ჯანდაცვის სისტემას სერიოზული ზიანი მიაყენა, რომელიც ჯერ კიდევ დიდი ეკონომიკური კრიზისის შედეგებს განიცდის.