პესკოვი: ნატოს გაფართოების შემთხვევაში მოსკოვი საპასუხო ზომებს მიიღებს

რუსეთის საზღვრებთან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოების შემთხვევაში რუსეთი საპასუხო ზომებს მიღებს. ამის შესახებ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ჩვენი საზღვრის მიმართულებით ნატოს გაფართოების პროცესს მოსკოვი უნდობლობით და შეშფოთებით უყურებს. ეს ჩვენს უსაფრთხოებას და ევრაზიის რეგიონში ძალთა ბალანსს ემუქრება.
მოსკოვი საკუთარი ინტერესების დასაცავად და ძალთა ბალანსის აღსადგენად ყველა აუცილებელ ზომას მიღებს“ 0 განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.
პესკოვმა ასე შეაფასა უკრაინის პარლამენტის გადაწყვეტილება, რომელმაც დაამტკიცა კანონპროექტი ნატოში უკრაინის გაწევრიანების აუცილებლობის შესახებ.
ამასთანავე პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში სამოქალაქო ომი გრძელდება და ეს ალიანსში ქვეყნის გაწევრიანების პროცესს შეაფერხებს. თუმცა პუტინის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ბრიუსელში იღებენ.
ცნობისთვის, უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ქვეყანა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი უნდა გახდეს.
აქამდე, “უკრაინის საგარეო პოლიტიკის საფუძვლების” და “უკრაინის ეროვნული უშიშროების შესახებ” კანონებში ეწერა, რომ “უკრაინა ნატოსთან თანამშრომლობს ამ ორგანიზაციის წევრობისთვის აუცილებელი კრიტერიუმების მისაღწევად”. ახლა კი ჩაიწერა შემდეგი ფორმულირება – „ნატოსთან თანამშრომლობს ალიანსში გაწევრიანების მიზნით“.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები