მერობის კანდიდატები და მათი შანსები

კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია დედაქალაქის მერობის სავარაუდო კანდიდატების შესახებ საკუთარ მოსაზრებებს ასაჯაროვებს. გამზარდია არჩევნებში მათი გამარჯვების შანსებს განიხილავს და  სავარაუდო კანდიდატების ძლიერ და სუსტ მხარეებზე საუბრობს.

თბილისის მერის არჩევნები რამდენიმე თვეშია, ჯერ კიდევ დაუზუსტებელია ყველა კანდიდატის ვინაობა, თუმცა, რამდენიმე პირის შესახებ საზოგადოება მაინც მსჯელობს. ამის ფონზე საინტერესო იქნება დადასტურებული და შესაძლო კანდიდატების უპირატესობებსა და სისუსტეებზე ვიმსჯელოთ, მათ შორის შანსებზე ან მათ პოლიტიკურ დანიშნულებაზე.

ელენე ხოშტარია – ელენე საინტერესო კანდიდატია, თუმცა ზოგჯერ ზედმეტად პარტიულ ჩარჩოში წარმოდგენილი, ზოგჯერ ზედმეტად ნერვიულივ. გამოცდილი მაქვს მასთან დებატი რამდენჯერმე, კვალიფიციურია, მაგრამ  დემაგოგიას იმაზე ხშირად მიმართავს, ვიდრე სჭირდება (არ სჭირდება, რადგან კვალიფიციური სუბიექტია და კარგი ორატორიც, ამიტომ არც სჭირდება ხოლმე დემაგოგიის „დახმარება“). მერის არჩევნებზე წარმატების შანსი პრაქტიკულად არ აქვს, ამიტომ, წინასაარჩევნო კამპანიის გამოყენებამას მაქსიმუმ შეუძლია ლიდერად ქმნადობის პროცესისა და იმიჯმეიკინგისათვის.
მიუხედავად იმისა, რომ ელენე ხოშტარია „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მაღალჩინოსანი იყო, მისი მართვითი უნარების შესახებ ინფორმაცია მწირია. რამდენადაც თბილისის მერი პოლიტიკური პირიცაა, შესაძლოა დადებითი ასპექტი ვლინდებოდეს ელენე ხოშტარიასთან მიმართებაში. ხოშტარიას მერობის შემთხვევა, „ევროპული საქართველოსათვის“ იქნება შანსი, „ნაციონალური მოძრაობის“ იარლიყებისგან განწმენდისა, მისი ამჟამინდელი პარტიის განახლებული იმიჯმეიკინგი მოახდინოს და სამომავლო დადებითი მოლოდინები შექმნას, ეს საკმაო საფუძველია საიმისოდ, რომ ხოშტარია მოტივირებული იყოს მერის როლი ეფექტურად,  სანდომიანად და კვალიფიციურად შეასრულოს.

ზაალ უდუმაშვილი – ზაალ უდუმაშვილი ასევე საკმაოდ საინტერესო კანდიდატია. შესაძლო საიმიჯო პარამეტრების გათვალისწინებით, მან წესით არა იმდენად ზომიერი, არამედ მიმწოლი და აგრესიული მარკეტინგის მეთოდებით უნდა იხელმძღვანელოს და საკმაოდ აგრესიული კამპანია ჩაატაროს. ის უნდა იყოს ერთგვარი „აკადემიური მელია“ ანუ აგრესიით, ბრძოლისუნარიანობით, თუმცა აკადემიურობითა და იმ შტრიხებით, რომელიც ნიკოლოზ მელიას არ გააჩნდა.
უდუმაშვილის შანსებიც დაბალი მეჩვენება, თუმცა ის „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატისათვის უნდა იყოს ასევე სახე სიმბოლო თანადროულად „განახლებისაც“ და „შენარჩუნებისაც“. „რუსთავი 2“, რომელიც სააკაშვილის განსაკუთრებულ საყრდენად აღიქმებოდა, მისი დირექტორის მოადგილის როლით, შესაძლოა საინტერესო შენაძენიც იყოს ყოფილი მმართველი პარტიისათვის.
რამდენადაც ზაალ უდუმაშვილის პოლიტიკური რამდენიმე გამოსვლა მაქვს მოსმენილი, ის უფრო სუსტ ორატორულ უნარ-ჩვევებს გამოხატავს, რაც მისი სუსტი წერტილიც შეიძლება იყოს.
თავად ზაალ უდუმაშვილის ფაქტორი, მგონია, რომ პარტიაში ადამიანური რესურსების სერიოზულ კრიზისზე მიანიშნებს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მან გარკვეული დადებითი როლიც შეასრულოს პარტიის იმიჯმეიკინგში.

ალეკო ელისაშვილი (?) – ალეკო ელისაშვილი ერთ-ერთი იშვიათი პირია, რომელმაც როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა გაიმარჯვა თვითმმართველობის არჩევნებში. ის ძირითადად, ასოცირებული იყო ხელისუფლებების მიმართ ოპონენტურ დამოკიდებულებაში, ბრძოლისუნარიანი ახალგაზრდა ინდივიდი დადებით შთაბეჭდილებებს ტოვებდა არაერთში, რომლებიც თვლიდნენ, რომ პოლიტიკოსი უნდა ყოფილიყო პატიოსანის ეფექტის, მებრძოლის და შევიწროებული იმიჯის.
ბოლო წლებში ელისაშვილმა თითქოს დაკარგა ხილვადობა – არა აქტივობა, არამედ მისი პოლიტიკური ხილვადობა. ლავირება ყოფილ თუ ამჟამინდელ ხელისუფლებებს შორის რთული ამოცანაა, რაც საკუთარი გამოცდილებითაც მახსენებს არაერთ შეცდომას გამოხატულებებში. არაერთი ბუნდოვანება ან ნეგატიური საიმიჯო შტრიხი შემოიტანა ელისაშვილმა საკუთარ თავთან მიმართებაში. ერთი მხრივ, მისი აღქმა გართულდა, რადგანაც ბალანსი პოლიტიკურ პოზიციებში რთული მისაღწევია და თუ მიაღწევ, უინტერესოა ამომრჩევლისათვის; ბალანსის გარეშე კი პოლიტიკური პირი ხან ერთი ძალის იარლიყებს ირტყამს, ხან მეორე ძალის იარლიყებს, რაც მის ინდივიდუალობასაც და პოზიტიურ გაშლას უშლის ხელს, ხოლო „მარტო ბრძოლის“ იმიჯიც, ასევე საერთო ჯამში უინტერესო ხდება ამომრჩევლისათვის, როგორც პოტენციურად უშედეგო პირი. მარტოხელა პოლიტიკოსი შეიძლება მასობრივი საზოგადოებისათვის იყოს საინტერესო როგორც უფრო შემფასებელი, ვიდრე მოქმედი პირი, რადგანაც მისი შესაძლებლობები შეზღუდულია, ხოლო ნეგატივების შეცვლის პერსპექტივა არსებითად მცირეა.

გიორგი ვაშაძე (?) – ერთ-ერთი საინტერესო კანდიდატი შეიძლება აღმოჩნდეს „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე. გიორგი ვაშაძის საწინააღმდეგოდ არსებითად მისი „ნაციონალური“ წარსული ანუ სააკაშვილის ხელისუფლების წევრობაა, მეორე მხრივ, კი მისი ზოგჯერ ზედმეტად ანგაჟირებული პოლიტიკური განცხადებები. სამაგიეროდ მის მხარეს ითვლის ნოვაციური მიდგომები რეესტრის ხელმძღვანელობისას, განახლებული სამუშაო ფორმა თუ უწყების თანამედროვე შინაარსსა და ფორმატზე გადაყვანა. ასევე მის მხარესაა ენერგიულობა, მოტივირებულობა, საინტერესო საერთაშორისო კონტაქტებიც, რომელიც არც ისე მოკრძალებული რაოდენობისაც არის და ხარისხისაც.
შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ამომრჩევლური ინტერესი დასახელებულ კანდიდატებში ვაშაძის მიმართ ყველაზე მეტია, რამდენადაც ის მიმაჩნია კარგ ადმინისტრატორად, თუმცა, რამდენადაც თბილისის მერი პოლიტიკური პირიცაა, ვაშაძის პოლიტიკურ უნარებს მაღალ შეფასებას არ მივცემდი.
რამდენადაც დიდია ჩემი პოზიტიური მოლოდინი ვაშაძის მერობისა, როგორც მოტივირებული, უნარიანი და კვალიფიციური ადმინისტრატორისა, ამდენად მიშლის ხელს მისი პოლიტიკური მოტივები, რომლის მიხედვითაც ვაშაძის ინტერესი მერობის პოსტზე პოლიტიკური პროპაგანდით შეიძლება იყოს სავსე მომავალი პოლიტიკური პერსპექტივებისთვის. სავარაუდოდ, ვაშაძე თბილისის მერობას ეფექტურ სტარტად უფრო უნდა განიხილავდეს, ვიდრე ერთ-ერთ საკვანძო წარმატებად, ეს კი მის მერობის საერთო მოლოდინს უფრო აბაცებს, ვიდრე ხიბლს მატებს.
მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ვაშაძის კანდიდატობის შემთხვევაში (ჯერ არ დასტურდება) მისი შანსები ასევე უმცირესია, ის ჩემთვის ერთ-ერთ ანგარიშგასაწევ კანდიდატად მოჩანს, რომლის სასარგებლოდაც ხმის მიცემას მინიმუმ დაფიქრების თემად მაინც ვთვლი.

კახი კალაძე (?) – ნახევარი იუმორით შეიძლება ითქვას, რომ კახი კალაძის კანდიდატობა მერობის პოსტზე, პრაქტიკულად უღიმღამოს გახდის მერის არჩევნების წინარე კამპანიასაც და არჩევნებსაც. დიდი ალბათობაა იმისა, რომ კალაძე პირველივე ტურში ეფექტური მაჩვენებლით გაიმარჯვებს. ერთ-ერთ ჟურნალთან ინტერვიუში იუმორითაც შევნიშნე, რომ კალაძე თუ თავის კანდიდატურად დააყენებს, შეგვიძლია არჩევნები დასრულებულადაც ჩავთვალოთ.
ნებისმიერ შემთხვევაში, კალაძის მერობის კანდიდატობა, რამდენადაც დამაჯერებელი გამარჯვების პროგნოზს ქმნის, ამდენად მმართველი ძალის ადამიანური რესურსების სერიოზულ კრიზისს მიანიშნებს, რაკიღა ასეთი რანგის კოზირი შეიძლება წამოწიონ.
კალაძის შესაძლებლობები მრავალმხრივია, დაწყებული მისი ფინანსებიდან, გაგრძელებული პოზიციით, კონტაქტებით (რომელსაც მეტისმეტად მრავალფეროვანიც კი შეგვიძლია ვუწოდოთ), ასევე მისი დინამიური პროგრესით, რომელიც ბოლო წლებში მან, როგორც პოლიტიკოსმა განიცადა.
კალაძეს უკავშირდება ხმაური ენერგოკომპანიებთან, ჰესებთან, მაღალი ძაბვის გადამცემებთან  დაკავშირებით, თუმცა, ამავდროულად კახი კალაძე იყო გამხმოვანებელი ხშირად ხელისუფლების ყველაზე გონივრული ნაწილისა; მაგ. მაშინ როდესაც ხელისუფლების წევრებმა „ქამრის შემოჭერა“ პირველ რიგში თანამშრომლების სამსახურიდან გაშვებით დააანონსეს, კალაძემ ამ თემას აუარა და თავისი შეხედულებით დაუპირისპირდა კოლეგებს და სხვა ალტერნატივებზე ალაპარაკდა. ასევე კალაძის ანგარიშზეა არაერთი ისეთი განცხადება, რომელსაც მასობრივი საზოგადოების კმაყოფილების მოტანა შეეძლო.
კალაძე რთული და საინტერესო პოლიტიკური ფიგურაა, მისდამი ჭორის ზონა მაღალია, მათ შორის დამაჯერებელი ჭორის ზონაც, თუმცა, მისი „გამოჭერა“ საკმაოდ რთულია, ის საზოგადოებასთანაც და პოლიტიკურ ფლანგზეც მუშაობს ფრთხილად და აკურატულად.
რამდენად სასურველია ჩემთვის, როგორც ამომრჩევლისათვის, კალაძის მერობა, რთული სათქმელია, მის მხარეს და მის წინააღმდეგ არაერთი არგუმენტისა, თუმცა, როგორც ჩემი პროფესიის პატრონი, ინტერესითა და დაკვირვებით ვადევნებ მის პოლიტიკურ კარიერას.

არჩილ გამზარდია

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები