საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე აღინიშნა
„ადამიანები და ქუჩები – ბულგარეთი – საქართველო” – ამ სახელწოდებით საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამოფენა გაიმართა, რომელიც საქართველოსა და ბულგარეთის შორის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავს მიეძღვნა.
საქართველოში ბულგარეთის საელჩომ ღონისძიებაზე კინოჩვენებაც მოაწყო. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სადღესასწაულო ღონისძიებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი დაესწრო, რომელმაც სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. მან სიტყვით მიმართვისას, ისაუბრა 25 წლის განმავლობაში საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მყარ თანამშრომლობაზე და ორმხრივ ურთიერთობებზე, ასევე, მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგზე. ვახტანგ მახარობლიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ბულგარეთის ისტორიულ და საერთო რელიგიურ წარსულს. ამ კუთხით, მან ხაზგასმით აღნიშნა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძველი მართლმადიდებლური, ბაჩკოვოს (პეტრიწონის) მონასტრის მნიშვნელობა, როგორც საქართველოსა და ბულგარეთის კულტურული ერთობა, რომელიც საერთო მრწამსს ეფუძნება. მინისტრის მოადგილემ ასევე, ორ ქვეყანას შორის მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრა. ვახტანგ მახარობლიშვილმა აღნიშნა, რომ ბულგარეთის საქართველოს სავაჭრო პარტნიორების პირველ ათეულში შედის. ამ კუთხით, მან მომავალი, უფრო ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. „ამ 25 წლის მანძილზე, ჩვენი ქვეყნები მრავალი გამოწვევის წინაშე იდგნენ. მიუხედავად ამისა, ჩვენ დავრჩით ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების ერთგულნი და მყარად ვუჭერდით მხარს ერთმანეთის ეროვნულ ინტერესებს. მე მსურს, სიამოვნებით აღვნიშნო, რომ ჩვენ შეგვიძლია, ყოველთვის გვქონდეს ბულგარეთის მხარდაჭერის იმედი, ჩვენი საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევის პროცესში. ჩვენ მადლიერნი ვართ ბულგარეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე, როგორც ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის. ასევე, მსურს მადლობა გადავუხადო ბულგარეთს განვითარების თანამშრომლობის ფარგლებში გაწეული დახმარებისათვის, რომელსაც ძალზე ვაფასებთ”, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. ვახტანგ მახარობლიშვილმა მიულოცა საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩსა და საელჩოს 2017 და 2018 წლებში ნატოს საკონტაქტო საელჩოს ფუნქციების წარმატებით შეთავსება. მან აღნიშნა, რომ საქართველო დიდი მნიშვნელობას ანიჭებს 2018 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში ევროკავშირის საბჭოს ბულგარეთის თავმჯდომარეობას და ამ კუთხით, ბულგარეთს წარმატებები უსურვა. მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე ტურიზმის კუთხით და აღნიშნა, რომ ინტერესი ორივე ქვეყნის მხრიდან მზარდია. „მე მსურს ვიხილო მეტი ბულგარელი საქართველოს ქუჩებში და მეტი ქართველი ბულგარეთის ქუჩებში”, – აღნიშნა მან. ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებს ასევე მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოში ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დესისლავა ივანოვამ, რომელმაც აღნიშნა საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებული შესანიშნავი ორმხრივი ურთიერთობების არსებობა, რომელიც დაფუძნებულია მეგობრობაზე, საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე. მან აღნიშნა, რომ ორი ქვეყანა თანამშრომლობს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის რიგი საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატში. ელჩმა აღნიშნა, რომ 2017 წლის 1 იანვრიდან საელჩო უკვე მეორედ ითავსებს ნატოს საკონტაქტო საელჩოს ფუნქციებს, ხოლო 2018 წლის პირველ ნახევარში გადაიბარებს ევროკავშირის თავმჯდომარეობას, რაც საქართველოსა და ბულგარეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა და დასტური ბულგარეთის მიერ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივების მყარი მხარდაჭერისა. დესისლავა ივანოვამ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ისტორიული ურთიერთობების არსებობას და აღნიშნა, რომ ამ ხანგრძლივი მეგობრობის ერთ-ერთი დასტური 1083 წელს ძმების, გრიგოლ და აბაზ ბაკურიანების მიერ ბულგარეთში ბაჩკოვოს მონასტრის დაფუძნებაა. სიტყვის დასასრულს ელჩმა სტუმრები ქართველი და ბულგარელი მხატვრების ნამუშევრების დასათვალიერებლად მიიწვია.