“საზოგადოებრივი მაუწყებელი” „რუსთავი 2“-ს სასამართლოში უჩივის
“საზოგადოებრივი მაუწყებელი” სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-სგან ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას სასამართლოს გზით ითხოვს. “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სარჩელი საქალაქო სასამართლომ წარმოებაში უკვე მიიღო. პირველი არხი „რუსთავი 2“-სგან ითხოვს ძირითადი ფულადი დავალიანების გადახდას შემდეგი ოდენობით: 13 575,47 აშშ დოლარი (გადახდის დღეს არსებული შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში); 100 ლარი; 12 828,68 ევრო (გადახდის დღეს არსებული შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში); 141 087,50 შვეიცარიული ფრანკი (გადახდის დღეს არსებული შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში). აღნიშნული დავალიანება „რუსთავი 2“-ს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიმართ წარმოეშვა მხარეთა შორის გაფორმებული სხვადასხვა ხელშეკრულებების საფუძველზე, რაც აღიარებულია „რუსთავის 2“-ის მიერ. ძირითადი დავალიანების გარდა, “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ითხოვს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისთვის, „რუსთავის 2“-ს პირგასამტეხლოც დაეკისროს.