სომხეთში მოსამართლეები და პროკურორი დააკავეს
ქრთამის აღების ბრალდებით, სომხეთში გეგარქუნის ოლქის პროკურორი და მოსამართლეები დააკავეს. სააგენტო „რეგნუმის“ ინფორმაციით, ეს პირები განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის აღებაში არიან ეჭვმიტანილი.
გამოძიებას სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახური აწარმოებს. გამოძიების ინფორმაციით, პროკურორმა გ.შხოიანმა 4 ათასი დოლარის ოდენობის ქრთამი, ხოლო მოსამართლე ა.პეტროსიანმა 23 ათასი დოლარის ოდენობის ქრთამი აიღო, რათა ერთ-ერთი ადგილობრივი მოქალაქისთვის სასჯელის ვადა შეემცირებინათ.
უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებები სომხეთში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში განხორციელდა.