მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოქმედებები და განცხადებები საკმაოდ უცნაურია
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეთავაზებას ეხმაურება.
მისი განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გარკვეული სპეკულაციები უნდა შეწყვიტოს. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოქმედებები და განცხადებები საკმაოდ უცნაურია.
“როგორც ჩემთვის ცნობილი ხდება, პრეზიდენტის ადმინისტრაცია აზრის გამოთქმას ეხმაურება. არ მინდა, დავიჯერო, რომ ისინი აზრის გამოთქმასაც კრიტიკულად უყურებენ, ეს ვის მიერაც არ უნდა იყოს გახმოვანებული. რაც შეეხება კონსულტაციებს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოქმედებები და განცხადებები საკმაოდ უცნაურია და სინთეზშია. ისინი თავიდან პროცესში მონაწილეობას არ იღებდნენ, ამის შემდეგ საერთო-სახალხო განხილვებში მონაწილეობა ნაწილობრივ მიიღეს და დღეს კიდევ რაღაც კონსულტაციებს გვთავაზობენ. უკვე მიმდინარეობს საპარლამენტო განხილვები და მათ შეუძლიათ, ნებისმიერი კომიტეტის სხდომას, რომელიც გახსნილია, დაესწრონ და აზრი დააფიქსირონ. ჩემი აზრით, ამ პროცესთან დაკავშირებით გარკვეულ ინსინუაციებსა და სპეკულაციებს უნდა მორჩნენ”, – განაცხადა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ.