პეკინში საქართველო-ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი აღინიშნება
14-15 ივნისს პეკინში გაიმართება საქართველო-ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული მთელი რიგი კულტურული ღონისძიებები. სპეციალურად ამ მოვლენის აღსანიშნავად, 14 ივნისს, 19:00 საათზე პეკინის საკონცერტო დარბაზის ჰოლში (Beijing Concert Hall) შედგება ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია და ქართული ტრადიციული სამოსის ფოტოგამოფენა. ოფიციალური მიღების შემდეგ, 19:30 საათზე გაიმართება გრანდიოზული კონცერტი, რომელშიც ექსკლუზიურად შესრულდება გიორგი მიქაძისა და ანსამბლ „ბასიანის“ მეგა-პროექტი „ვოისა“. კონცერტში ასევე მონაწილეობს საქართველოს სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავის“ მოცეკვავეთა დასი. “ვოისა”, გიორგი მიქაძისა და ანსამბლ „ბასიანის“ ერთობლივი, უნიკალური მუსიკალური პროექტის სახელწოდებაა, რომელიც მცირე ხნის წინ, ნიუ-იორკის ერთ-ერთ პრესტიჟულ საკონცერტო სივრცეში წარადგინეს. მულტიჟანრული პროექტი „ვოისა” წარმოადგენს ერთგვარ კულტურულ კოლაბორაციას. პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელია პიანისტი და კომპოზიტორი გიორგი მიქაძე, რომელმაც საკუთარი ვარსკვლავური ბენდისა და საქართველოს სახელმწიფო ანსამბლ „ბასიანისთვის“ სპეციალურად შექმნა უპრეცენდენტო მუსიკალური პროდუქტი, რომლის მიზანია, პროექტი „ვოისა“ გახდეს ქართული კულტურის სავიზიტო ბარათი და საქართველო ღირსეულად წარადგინოს მსოფლიო სახელოვნებო სივრცეში. საგანგებოდ ამ თარიღისათვის, პეკინს სტუმრად ეწვევა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ბ-ნ დავით ჯალაღანიას ხელმძღვანელობით. კონცერტს დაესწრებიან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ბ-ნი დავით აფციაური, ქართული დიასპორა და კულტურის ინდუსტრიის წარმომადგენლები, აგრეთვე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის ოფიციალური პირები, დიპლომატიური კორპუსის და კერძო სექტორის წარმომადგენლები. პროექტის ორგანიზატორები არიან: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო, ჩინელი ხალხის საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრობის ასოციაცია და საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. პროექტის სპონსორები არიან: „China CEFC Energy Company Limited“, „ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის ასოციაცია“ და საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“, რომელიც წლების მანძილზე, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ აქტიურად იღვწის ტრადიციული ქართული სიმღერა-გალობისა და ხალხური შემოქმედების ხელშეწყობა-პოპულარიზაციისათვის. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.
ვიდეო ბმულები:
https://www.youtube.com/watch?v=diIWhJg2EJc
https://www.youtube.com/watch?v=zlSx8VfVbVs