პოლიციამ ლონდონის ტერაქტის მესამე მონაწილის ვინაობა დაასახელა
დიდი ბრიტანეთის პოლიციამ ლონდონის 3 ივნისის ტერაქტის მესამე მონაწილის ვინაობაც დაასახელა. ეს 22 წლის იტალიის მოქალაქე – იუსეფ ზაგბაა. ამის თაობაზე “როიტერი” იუწყება. იტალიური გაზეთის, “Corriere della Serra”-ს ინფორმაციით, ზაგბას მამა მაროკოელია, დედა კი – იტალიელი. ბოლო დროს ის ლონდონში ცხოვრობდა და ერთ-ერთ რესტორანში მუშაობდა. მანამდე, პოლიციამ ლონდონის ტერაქტის შემსრულებელი ორი პირის ვინაობა დაასახელა. ტერაქტი ხურამ შაზად ბატმა და რახიდ რედუანმა განახორციელეს.
ლონდონის ხიდთან ტერაქტი 3 ივნისს, ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 22:00 საათზე მოხდა. მიკროავტობუსი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, ხოლო შემდეგ ავტომობილიდან დანით შეიარაღებული სამი პირი გადმოვიდა, რომლებიც „ბორო მარკეტის“ ტერიტორიაზე მოქალაქეებს დაესხნენ თავს. სამივე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. თავდასხმის შედეგად, დაიღუპა შვიდი და დაშავდა 48 ადამიანი.