„მოსამართლეები თავად უნდა ირჩევდნენ საკუთარ თავმჯდომარეებს, რაც უფრო დემოკრატიული, დახვეწილი და გამჭვირვალე მეთოდია“
“მიგვაჩნია, რომ მთავარი არა დანიშვნის პროცესი, არამედ თავად ამ უმნიშვნელოვანესი პროცედურის დემოკრატიულობა, გახსნილობა და შედეგის ეფექტურობაა”, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ განაცხადა, რითიც სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნას გამოეხმაურა. როგორც მიშველაძემ აღნიშნა, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მოსამართლეები თავად უნდა ირჩევდნენ საკუთარ თავმჯდომარეებს, რაც უფრო დემოკრატიული, დახვეწილი და გამჭვირვალე მეთოდია. „მოგეხსენებათ, რომ საერთაშორისო საზოგადოების ყველა რეკომენდაციაში, ყველა შეხვედრაზე არის საუბარი, რომ სასამართლოს სჭირდება დროული და ეფექტური რეფორმა, გაწონასწორების მექანიზმების შექმნა და ანგარიშვალდებულების გაზრდა. დღეს სასამართლოსთან დაკავშირებული უმეტესი ფუნქცია ერთი ორგანოს – იუსტიციის საბჭოს ხელშია თავმოყრილი: მოსამართლეთა შერჩევა, დანიშვნა, დაწინაურება, დისციპლინური დევნა თუ მათი კვალიფიკაციის ამაღლების ფუნქცია. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ყველა ამ მოვალეობის ერთ ორგანოში თავმოყრა ქმნის ძალაუფლების კონცენტრაციის საშიშროებას და ასუსტებს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებას. მოგეხსენებათ, პრეზიდენტის ვეტოში სასამართლოების კანონთან დაკავშირებით, ვრცლად იყო საუბარი ამ სისტემურ ხარვეზზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოსამართლეები თავად უნდა ირჩევდნენ საკუთარ თავმჯდომარეებს, რაც უფრო დემოკრატიული, დახვეწილი და გამჭვირვალე მეთოდია. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ მთავარი არა დანიშვნის პროცესია, არამედ თავად ამ უმნიშვნელოვანესი პროცედურის დემოკრატიულობა, გახსნილობა და შედეგის ეფექტურობაა“, -განაცხადა მიშველაძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სასამართლოებში 11 თავმჯდომარე და 1 ადმინისტრაციული პალატის თავმჯდომარე დანიშნა.