აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი WTM London 2025-ზე წარადგინა
აჭარის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია ლონდონში, ტურიზმის ინდუსტრიის უმსხვილეს გამოფენაზე განხორციელდა.
ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
,,WTM London 2025-ზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად წარადგინა. გამოფენაზე, რომელსაც წელს 43,000-ზე მეტი ვიზიტორი ესწრებოდა, საქართველოს სტენდის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ აჭარაში და ზოგადად, საქართველოში მოგზაურობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ და ქვეყნის მრავალფეროვან ტურისტულ მიმართულებებს გაცნობოდნენ. გამოფენის ფარგლებში, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტმა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა ტურისტული, მარკეტინგული კომპანიებისა და საერთაშორისო მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან. წელს, ლონდონის ტურისტულ გამოფენაში 180-ზე მეტი ქვეყნიდან 5,000-ზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აქტიურად ეწევა რეგიონის პოპულარიზაციას სამიზნე ქვეყნებში. მიმდინარე წელს, უწყებამ რეგიონის ტურისტული პროდუქტები 20-ზე მეტ მნიშვნელოვან ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა, როგორც ევროპის ისე აზიის მიმართულებით”,- წერია ინფორმაციაში.