ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე წითელ წიგნში შეტანილი დათვი მოკლეს
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ბრაკონიერობის ფაქტი გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაცულ ტერიტორიაზე მოკლულია „წითელი ნუსხის“ სახეობა — მურა დათვი.
ფაქტზე გამოძიება დაიწყო შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 301-ე მუხლის II ნაწილის საფუძველზე (უკანონო ნადირობა).
სამართალდამცველებმა ამოიღეს რეგისტრირებული იარაღები და ნადირის ხორცი , რომლებიც ნივთმტკიცების სახით ერთვის სისხლის სამართლის საქმეს.
აღსანიშნავია, რომ ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები სასაზღვრო ზონებს მოიცავს, სადაც რეინჯერები და მესაზღვრეები ერთობლივად ახორციელებენ მონიტორინგს და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლაში.
დაცულ ტერიტორიებზე ნადირობა და იარაღით გადაადგილება მკაცრად იკრძალება და ისჯება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.