პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 8 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 8 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს “, „კოკაინს “, „მორფინს “, „MDMB-4en-PINACA”-ს, „ალფა-პვპ”-ს და „ბუპრენორფინს”. ასევე ერთ-ერთმა ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპულ ნივთიერება „პრეგაბალინს”. ბრალდებულებმა აღნიშნული ნივთიერებები თბილისში სხვადასხვა ლოკაციებზე განათავსეს.
გატარებული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები ამოიღეს.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილის „ა”, „ბ” და მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ჯგუფურად), 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ შეძენა, შენახვა) და 260-ე კვარტა მუხლის მე-3 ნაწილის „ა”, მეხუთე ნაწილის „ა”, „ბ” და მე-6 ნაწილის „ა” ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.