„სირიის დემოკრატიული ძალები“ რაქას გათავისუფლების ოპერაციას იწყებენ
„სირიის დემოკრატიული ძალები“, რომლებსაც აშშ მხარს უჭერს, სირიის ქალაქ რაქას გათავისუფლების ოპერაციას იწყებს. რაქას 2014 წლიდან “ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებს და ეს დასახლებული პუნქტი ჯიჰადისტების არაოფიციალური დედაქალაქია სირიაში. სააგენტო “როიტერის“ ცნობით, ოპერაციაში აქტიურად ჩაერთვება ანტიტერორისტული კოალიციის ავიაცია. „სირიის დემოკრატიულ ძალებში”, ძირითადად, ქურთი მოხალისეები შედიან. ამ ქვედანაყოფებმა ევფრატზე სამი კაშხალი დაიკავეს, რაც მდინარის მარჯვენა ნაპირზე გადასვლის შესაძლებლობას იძლევა. როგორც „დემოკრატიული ძალების“ წარმომადგენლები აცხადებენ, ქალაქზე შეტევა რამდენიმე მხრიდან განხორციელდება. რაქას აღების შემთხვევაში ეს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში უდიდესი გამარჯვება იქნება. პარალელურად ერაყში ქალაქ მოსულის გათავისუფლების ოპერაცია მიმდინარეობს, რომელიც ჯიჰადისტებმა ასევე 2014 წელს დაიკავეს.