აშშ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გასვლას აპირებს
აშშ გაეროს ულტიმატუმს უყენებს. ქვეყანამ, შესაძლოა, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო დატოვოს, თუ ამ ორგანიზაციაში „ანტიისრაელური ტენდენციები“ შენარჩუნდება. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. შესაბამის განცხადებას გაეროში აშშ-ის წარმომადგენელი ნიკი ჰეილი ადამიანის უფლებათა საბჭოს 35-ე სესიაზე გააკეთებს, რომელიც ჟენევაში გაიმართება. „ჟენევაში მომავალ კვირას გავემგზავრები. იქ განვაცხადებ, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო ადამიანის უფლებების დაცვით უნდა იყოს დაკავებული, აშშ ამ ორგანიზაციაში დარჩება, თუ ის ჩვენს ნდობას დაიმსახურებს“ – განაცხადა ჰეილიმ. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო 2006 წელს შეიქმნა. აშშ მისი წევრი 2009 წელს გახდა. ამჟამად საბჭოში 47 ქვეყანაა გაერთიანებული. ადამიანის უფლებათა საბჭოსა და აშშ-ის ადმინისტრაციას შორის ისრაელის გამო დაპირისპირება ადრეც მომხდარა. ობამას ადმინისტრაციისგან განსხვავებით, რომელიც ისრაელ-პალესტინის ურთიერთობებში ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას ცდილობდა, ტრამპმა ამ კონფლიქტში ერთპიროვნულად დაუჭირა მხარი ისრაელს.