გიორგი კვირიკაშვილი: მინდა, ქედი მოვიხარო იმ ექიმების წინაშე, რომლებმაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს
„მინდა, ქედი მოვიხარო იმ ექიმების წინაშე, რომლებმაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ეროვნული ცენტრის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.
ცერემონიას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას, აკადემიკოსი ვახტანგ ბოჭორიშვილი გაიხსენა და მედიცინაში მის ღვაწლზე ისაუბრა.
“გილოცავთ, ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას ჰქონდეს ასეთი თანამედროვე სტანდარტებით აწყობილი ჰოსპიტალი.
მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს განსაკუთრებული ადგილია და ატარებს ისეთი ღვაწლმოსილი ადამიანის სახელს, როგორიც გახლდათ ვახტანგ ბოჭორიშვილი. მე მხვდა წილად ბედნიერება, ვყოფილიყავი ერთი მოწვევის პარლამენტის წევრი, ამ უდიდეს ადამიანთან ერთად და არასოდეს დამავიწყდება მისი სიბრძნე, გონებამახვილობა, იუმორის გრძნობა და ის განსაკუთრებული სიყვარული ადამიანების მიმართ, რომელიც მას ახასიათებდა. მოხარული ვარ, რომ ვხედავ დღეს აქ, კლინიკაში ადამიანებს, რომლებმაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს და მინდა ქედი მოვიხარო თქვენ წინაშე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო, კერძო სექტორთან ერთად, ავითარებს დღეს ჯანდაცვის სფეროს, ვინაიდან ეს არის ის პარტნიორობა, რომელმაც მოგვცა ის მოდელი, სადაც ყველა ადამიანს აქვს გარანტირებული ჯანდაცვა სახელმწიფოს მხრიდან. ამიტომ, კიდევ ერთხელ გილოცავთ, ეს არის “ევრობანკთან” ერთად განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტი, 15 მილიონი ლარის ინვესტიცია არის მნიშვნელოვანი ინვესტიცია და კარგია, რომ აქ გვაქვს თანამედროვე აპარატურა“, -აღნიშნა პრემიერმა.