ლონდონის ტერაქტზე დაკავებული ყველა პირი გაათავისუფლეს
დიდი ბრიტანეთის პოლიციის ინფორმაციით, ლონდონის ტერაქტზე დაკავებული 12-ვე პირი გაათავისუფლეს. სამართალდამცველებს მათთვის ბრალი არ წაუყენებიათ. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. ყველა დაკავებული ლონდონის იმ რაიონში ცხოვრობდა, სადაც პოლიციის მიერ მოკლული თავდამსხმელები ცხოვრობდნენ. სამართალდამცველების ინფორმაციით, 3 ივნისის თავდასხმაში 27 წლის ჰურამ შაზად ბატი და 30 წლის რაშიდ რედუანი მონაწილეობდნენ. მესამე თავდამსხმელის ვინაობა არ სახელდება. ტერაქტი ლონდონში 3 ივნისს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 22:00 საათზე მოხდა. ტერორისტები მიკროავტობუსით ფეხით მოსიარულეებს დაეჯახნენ, ამის შემდეგ ავტომობილიდან დანით შეიარაღებული სამი პირი გადმოვიდა, რომლებიც „ბორო მარკეტის“ ტერიტორიაზე მოქალაქეებს თავს დაესხნენ. სამივე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. ტერაქტის შედეგად დაიღუპა შვიდი და დაშავდა 48 ადამიანი.