პრეზიდენტის ადმინისტრაცია ალიევის მემორიალის დაზიანებას ვანდალიზმს უწოდებს

თბილისში, ჰეიდარ ალიევის მემორიალის წითელი საღებავით დაზიანების ფაქტს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვანდალიზმად აფასებს. პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ჰეიდარ ალიევს საქართველოს წინაშე დიდი დამსახურება აქვს და სწორედ ამიტომ დგას მისი მემორიალი თბილისში.
“ჰეიდარ ალიევის ძეგლი საქართველოში დგას არამხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანელ ხალხს აკავშირებთ ძალიან ბევრი რამ, ჩვენ ვართ მეზობლები და მეგობრები, არამედ მას ძალიან დიდი დამსახურება მიუძღვის ასევე საქართველოს წინაშე. ასე რომ, ეს არის სწორედ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს პრეზიდენტის ძეგლი საქართველოში, რომელსაც დიდი დამსახურება მიუძღვის საქართველოს წინაშე და რომელიც ამავდროულად სიმბოლურად ასახავს საქართველოსა და აზერბაიჯანელი ხალხის მეგობრობას. ასე რომ, ეს არ არის გამოხატვის ფორმა, ეს არის ვანდალიზმი და ეს არის სრულიად დაუშვებელი და სრულიად მიუღებელი”, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
თბილისში, ჰეიდარ ალიევის მემორიალი წითელი საღებავით 3 ივნისის ღამეს დააზიანეს. ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ ჩაიდინა ეს ფაქტი, ასევე ისიც, თუ რა მოტივი ამოძრავებდა მას. თუმცა მომხდარი შესაძლებელია აზერბაიჯანელი აქტივისტის და ჟურნალისტის აფგან მუხთარლის დაკავებას და ამასთან დაკავშირებით თბილისში დაწყებულ საპროტესტო ტალღას უკავშირდებოდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები