მიხეილ ჯანელიძე გაეროს რეზოლუციაზე: ეს არის საერთაშორისო საზოგადოების მკაფიო მხარდაჭერა

“გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია არის მკაფიო გამოხატულება, თუ რამდენად აქტიურად დგას საქართველოს პრობლემატიკა საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში”, – ასე შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ დევნილების შესახებ საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის კიდევ ერთხელ მიღება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს ასევე, არის ქართული დიპლომატიის წარმატება.
”ეს არის საერთაშორისო საზოგადოების მკაფიო მხარდაჭერა საქართველოში არსებული პრობლემატკისადმი, საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო ნორმებისადმი. ეს არის ძალიან დიდი წარმატება ქართული დიპლომატიის. მე მინდა, მადლობა გადავუხადო, როგორც ჩვენს მისიას ნიუ – იორკში, ასევე, ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს, რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს ამ შედეგის მიღწევაში”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დევნილების შესახებ საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიამ კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ”. რეზოლუციას 80-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, 14-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 61-მა კი თავი შეიკავა. აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვი გაზრდილია. გასულ წელს რეზოლუციას 76-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, 15 წინააღმდეგი იყო, ხოლო 64-მა სახელმწიფომ თავი შეიკავა.
ცნობისთვის, გაეროს გენერალური ასამბლეა აღნიშნულ რეზოლუციას 2008 წლიდან იღებს, რითიც განამტკიცებს დევნილთა ფუნდამენტურ უფლებებს, უპირველესად, საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები